თურქეთის პროკურატურა სტამბულის ყოფილი მერისთვის, ექრემ იმამოღლუსთვის, 2,000-ზე მეტი წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას ითხოვს. იმამოღლუ, რომელიც თურქეთის პოლიციამ მარტში, საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირებამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავა, კორუფციული ქსელის შექმნაშია ბრალდებული.
თურქეთის მთავარი პროკურორის, აქინ გიურლექის განცხადებით, ბრალდება, რომელშიც 402 ეჭვმიტანილი პირი, მათ შორის ყოფილი მერი ფიგურირებს, მოიცავს კრიმინალური ქსელის შექმნას, მექრთამეობაში, თაღლითობასა და ტენდერების გაყალბებაში მონაწილეობას. გიურლექის თმით, დანაშაულებრივი სქემით თურქეთის სახელმწიფომ 10 წლის განმავლობაში 160 მილიარდი ლირა ($3.8 მილიარდი) იზარალა.
თავად იმამოღლუ, რომელიც მთავარი ოპოზიციური პარტიის, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ (CHP) წევრია და არჩევნებამდე ერდოღანის მთავარ კონკურენტადაც განიხილებოდა, მისთვის წარდგენილ ბრალდებებს უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. პროკურატურის ახალ ბრალდებებს გამოეხმაურა მისი პარტიაც და მათ „აბსურდული“ უწოდა.
Reuters-ის თანახმად, 4,000-ზე მეტი გვერდისგან შემდგარი ბრალდება მოიცავს კრიმინალურ ორგანიზაციულ სქემას, რომლის დამფუძნებლად და ხელმძღვანელად სტამბულის ყოფილი მერი განიხილება. მასში მოყვანილია ფინანსური დანაშაულის გამოძიების საბჭოს (MASAK) დასკვნები, ექსპერტების ანალიზი, ციფრული და ვიდეო მტკიცებულებები.
„რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ ლიდერის, ოზგურ ოზელის განცხადებით, პროკურატურის მიერ წარდგენილი ახალი ბრალდებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს საქმე „სრულიად პოლიტიკური“ და მათი საპრეზიდენტო კანდიდატის წინააღმდეგ მიმართული იყო. ვითარებას ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს უდიდესი ოპოზიციური პარტიის, CHP-ის აკრძალვის მოთხოვნითაც მიმართა. პროკურატურის მტკიცებით, CHP უკანონო სახსრებით ფინანსდებოდა.
შეგახსენებთ, სტამბულის ყოფილი მერი, ექრემ იმამოღლუ მიმდინარე წლის მარტში დააკავეს. იმამოღლუს დაკავებას თურქეთის უდიდეს ქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. მოგვიანებით, პოლიტიკოსს გენერალური პროკურორის შეურაცხყოფისა და მუქარისთვისაც მიუსაჯეს პატიმრობა, რომელსაც ის ასაჩივრებს.















