ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის სწრაფი ზრდის გავლენით, Google-ის მფლობელი კომპანია Alphabet-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $4-ტრილიონიან ნიშნულს უახლოვდება. შედეგად, Alphabet-ი ახლოსაა ექსკლუზიურ კლუბში მოხვედრასთან, რომელშიც ამ დროისთვის მხოლოდ ორი კომპანია, ჩიპების ამერიკული მწარმოებელი Nvidia და Apple-ი არიან.
ორშაბათს, Alphabet-ის აქციების ღირებულება 5%-ზე მეტით, რეკორდულ $315.9-მდე გაიზარდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ კი $3.82 ტრილიონს მიაღწია. Alphabet -ის აქციების ფასი მხოლოდ წელს თითქმის 70%-ითაა გაზრდილი, რაც უკეთესი შედეგია AI-რბოლაში მის კონკურენტებთან, Microsoft-თან და Amazon.com-თან შედარებით.
ცნობისთვის, $4-ტრილიონიანი შეფასების მიღწევის შემთხვევაში, Alphabet-ი მხოლოდ მეოთხე კომპანია იქნება, რომელმაც ეს შედეგი დააფიქსირა. ექსკლუზიურ კლუბში Microsoft-ი ოქტომბრის ბოლოს მოხვდა, თუმცა სიაში ახლა მხოლოდ Nvidia და Apple-ი რჩებიან. Nvidia-ს საბაზრო ღირებულება $4.436 ტრილიონს, ხოლო Apple-ის – $4.094 ტრილიონს შეადგენს.
ეს ზრდა Alphabet-ის მიმართ ინვესტორთა განწყობის მკვეთრ ცვლილებას ასახავს მას შემდეგ, რაც მათი ნაწილი შიშობდა, რომ 2022 წელს ChatGPT-ის გაშვების შემდეგ, კომპანიამ OpenAI-სთან AI-ის მიმართულებით კონკურენტული უპირატესობა დაკარგა. Alphabet-ის დადებითი შედეგები წელს დიდწილად კომპანიის Cloud-ბიზნესის დამსახურებაა. რამდენიმე დღის წინ კი კომპანიამ თავისი AI-მოდელის განახლება, Gemini 3-იც გაუშვა, რამაც აქციების ფასზე დადებითად იმოქმედა.














