ინდოეთის ახალი ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევისთვის Apple-ს $38 მილიარდის ჯარიმა ემუქრება

ინდოეთის ახალი ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევისთვის Apple-ს $38 მილიარდის ჯარიმა ემუქრება

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Apple-ი ინდოეთის ახალ ანტიმონოპოლიურ კანონს ასაჩივრებს, რომელიც კომპანიას $38 მილიარდის ოდენობის ჯარიმის რისკის წინაშე აყენებს. ამის შესახებ Reuters-ი ნიუ-დელის უზენაეს სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.

კანონმდებლობა, რომელიც ინდოეთის კონკურენციის კომისიამ გასულ წელს მიიღო, კომპანიების მხრიდან ბაზარზე დომინირების ბოროტად გამოყენებისთვის ჯარიმას მათი გლობალური წლიური ბრუნვის გათვალისწინებით აწესებს. Apple-ის შემთხვევაში საუბარია გლობალური საშუალო წლიური ბრუნვის 10%-ზე, რომელიც კომპანიის ყველა მომსახურებიდან სამი ფისკალური წლის განმავლობაში 2024 წლამდე ითვლება და რომელმაც შესაძლოა $38 მილიარდი შეადგინოს.

ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევისთვის Apple-ის წინააღმდეგ სარჩელი, Tinder-ის მფლობელმა კომპანია Match-მა და ინდურმა სტარტაპებმა კონკურენციის სააგენტოში 2022 წელს შეიტანეს. გასულ წელს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ამერიკული ფირმა   iOS-ის ოპერაციულ სისტემაზე App Store-ში თანაბარი კონკურენციის შექმნის პირობებს არღვევს.

თუმცა კანონმდებლობა, რომლის თანახმადაც Apple-ისთვის ჯარიმა უნდა განისაზღვროს, მხოლოდ 2024 წელსაა მიღებული და შედეგად, არ უნდა შეეხოს იმ საქმეებს, რომლებიც მის მიღებამდე წარმოებაში იყო ჩაშვებული. Apple-ის განცხადებით, გლობალურ ბრუნვაზე დაფუძნებული ჯარიმა რეტროსპექტიული და არაკონსტიტუციურია, რის გამოც Apple-ს სარჩელის შეიტანის გარდა სხვა არჩევანი არ დარჩა. Apple-ის სარჩელის მოსმენა 3 დეკემბერს გაიმართება.