ინერი, პირველი ქართული მობილური აპლიკაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, განაგრძობს წამყვან კომპანიებთან თანამშრომლობების გაღრმავებას, რომლის ფარგლებშიც Forbes Georgia-მ და inner-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტს ხელი ინერის დირექტორმა, ნიკა ჩილინდრიშვილმა და Forbes Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა, შოთა დიღმელაშვილმა მოაწერეს.
Inner-ისა და Forbes Georgia-ს თანამშრომლობის ფარგლებში Forbes.ge პლატფორმაზე გამოქვეყნდება კონტენტი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, რომელიც არაერთ თემას შეეხება და მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას. მომავალში იგეგმება ერთობლივი აქტივობების განხორციელებაც. “იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა, სერვისებზე დაბალი ხელმისაწვდომობა და ადამიანებში მრავალი მცდარი შეხედულება კვლავაც პრობლემად რჩება, გვსურს, ერთი მხრივ, ეს პრობლემა გადავჭრათ უსაფრთხო სივრცით, რომელიც მოიაზრებს მობილურ აპლიკაციას, სადაც გაერთიანებულია და აქტიურად ვითარდება ყველა საჭირო ხელსაწყო ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვახორციელებთ და ვგეგმავთ აქტივობებს, რომლებიც ხელს შეუწყობს სანდო და გამართული ინფორმაციის გავრცელებას, სწორედ ამიტომ ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობა, რომლებიც ამ ღირებულებებს იზიარებენ. გვიხარია, რომ Forbes-თან თანამშრომლობის ძალიან საინტერესო ფორმატზე შევთანხმდით”, — აცხადებს ნიკა ჩილინდრიშვილი, Inner-ის დირექტორი.
“ჩვენთვის პრიორიტეტულია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც საზოგადოებრივი სიკეთის შექმნაში მონაწილეობენ. ფსიქიკური ჯანმრთელობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი თემაა, რომელზეც დღეს საქართველოში საკმარისად ბევრს არ ვსაუბრობთ. Inner-თან პარტნიორობით შესაძლებლობა გვაქვს, ჩვენს მკითხველებს საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ, რომელიც თანამედროვე სამყაროში დაგროვილ გამოცდილებასა და უახლეს ცოდნას ემყარება. გვინდა, რომ ერთად შევქმნათ სივრცე აუცილებელი საუბრების დასაწყებად”, — აცხადებს ანინა ტეფნაძე, Forbes Georgia-ს საოპერაციო დირექტორი.
Forbes-ის მკითხველი Inner-თან თანამშრომლობით შექმნილ სტატიებს უახლოეს მომავალში იხილავს.
Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი














