ილონ მასკი გახდა პირველი ადამიანი, რომლის ქონებამაც $600 მილიარდს გადააჭარბა

ილონ მასკი გახდა პირველი ადამიანი, რომლის ქონებამაც $600 მილიარდს გადააჭარბა

Tesla-სა და SpeceX-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი, მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონების  ღირებულებამაც $600-მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა. ორშაბათს, აშშ-ში აღმოსავლეთის დროით შუადღის 12:00 საათზე (ET), ამერიკული Forbes-ის რეიტინგში პლანეტის უმდიდრესი ადამიანის ქონება $677 მილიარდად იყო შეფასებული.

ილონ მასკის ქონების თითქმის $168 მილიარდით ზრდა ავიაკოსმოსურ კომპანია SpaceX-ს უკავშირდება. ამერიკული Forbes-ის ინფორმაციით, ამ თვის დასაწყისში SpaceX-მა სატენდერო შეთავაზება წარადგინა, რომლის თანახმადაც კომპანიას კერძო დაფინანსების ახალ რაუნდში $800-მილიარდიანი შეფასებისთვის უნდა მიეღწია, რაც აგვისტოში არსებულ $400-მილიარდიან შეფასებასთან შედარებით, გაორმაგებული თანხაა. თავად მასკი SpaceX-ში აქციების 42%-ს ფლობს.

როგორც Forbes-ი კომპანიის ერთ-ერთ ინვესტორზე დაყრდნობით წერს, მასკის ფირმა მომავალ წელს IPO-სთვისაც ემზადება, რომელსაც, დიდი ალბათობით, $1.5-ტრილიონიანი ღირებულებით განახორციელებს.

Forbes-ის შეფასებით, SpaceX-ში მასკის დაახლოებით $336 მილიარდად შეფასებული წილი ახლა მასკის უმსხვილესი აქტივია. ხოლო ელექტრომობილების მწარმოებელ Tesla-ში მასკის 12%-იანი წილი, Forbes-ის გაანგარიშებით, $197 მილიარდის ღირებულებისაა. ეს უკანასკნელი კი გამოანგარიშებულია 2018 წლის CEO Performance Award-ის აქციების ოფციების გამოკლებით, რომლებიც დელავერის შტატის მოსამართლემ 2024 წლის იანვარში გააუქმა. შედეგად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში, Forbes-მა ამ ოფციების ღირებულება 50%-ით, $69 მილიარდამდე შეამცირა.

თუმცა სააპელაციო დავის წაგების შემთხვევაშიც, მასკს ტრილიონერად ქცევის ალტერნატიული გზა აქვს. ნოემბერში, Tesla-ს აქციონერებმა მასკისთვის დამატებით $1-ტრილიონამდე ღირებულების აქციების გადაცემის პაკეტი დაამტკიცეს. თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ Tesla შეთავაზებით გათვალისწინებულ გეგმებს შეასრულებს — მათ შორის, მომდევნო ათი წლის განმავლობაში, საბაზრო კაპიტალიზაციას მინიმუმ რვაჯერ გაზრდის.

ცნობისთვის, მასკის საკუთრებაშია xAI Holdings-ი, რომელიც, არსებული ცნობებით, დაფინანსების ახალ რაუნდში $230 მილიარდის შეფასების მიღწევაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს — ეს კი ორჯერ მეტია არსებულ $113-მილიარდიან ღირებულებაზე. მასკი კომპანიაში 53%-ს ფლობს, რაც თანხობრივად დაახლოებით $60 მილიარდია.

ილონ მასკი მიმდინარე წლის ოქტომბერში ასევე პირველი ადამიანი იყო, რომლის ქონების ღირებულებამაც $500 მილიონს მიაღწია. ახლა კი, Forbes-ის რეიტინგში ქონების ღირებულებით ის 2-ჯერ უსწრებს ამჟამინდელ რეიტინგში მეორე ნომრად მოხვედრილ ლარი პეიჯს. Google-ის თანადამფუძნებელი $253 მილიარდის ქონებას ფლობს. Oracle-ის დამფუძნებელი და CTO, ლარი ელისონი $235.3 მილიარდით მეორე ადგილზეა, ხოლო ხუთეულში მათ მოჰყვებიან Amazon-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ჯეფ ბეზოსი ($235.1 მილიარდი) და Google-ის თანადამფუძნებელი სერგეი ბრინი ($233.8 მილიარდი).