Li Auto ოფიციალურად საქართველოშია — პრემიუმ სეგმენტის ჩინური ელექტრომობილები უკვე ხელმისაწვდომია

Li Auto ოფიციალურად საქართველოშია — პრემიუმ სეგმენტის ჩინური ელექტრომობილები უკვე ხელმისაწვდომია

ჩინეთის წამყვანი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების მწარმოებელი ბრენდი Li Auto ოფიციალურად შემოდის ქართულ ბაზარზე. 23 დეკემბერს გამართულ საპრეზენტაციო შეხვედრაზე, ბრენდის საერთაშორისო და ადგილობრივმა წარმომადგენლებმა პოტენციურ მომხმარებლებს პრემიუმ სეგმენტის ელექტრომობილების უახლესი მოდელები გააცნეს.

Li Auto Georgia ქართულ ბაზარზე ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია. ორი თვის წინ გახსნილ შოურუმში უკვე წარმოდგენილია ბრენდის ფლაგმანი — L-სერიის მოდელები.

რატომ საქართველო?

საქართველოში ჩინური ავტომობილების მიმართ ინტერესი დინამიურად იზრდება, რაც Li Auto-სთვის ბაზარზე შემოსვლის მთავარი სტიმული გახდა.

“ჩვენ შევამჩნიეთ ტენდენცია, რომ ქართველი მომხმარებელი სულ უფრო მეტად ინტერესდება ჩინური ავტოინდუსტრიის მიღწევებით. ბაზრის დეტალური შესწავლის შემდეგ დავრწმუნდით, რომ საქართველო იდეალური პლატფორმა იქნებოდა ჩვენი ბრენდის განვითარებისთვის“, — ცაი ჯუნ ჯიე, Li Auto-ს ბიზნესის განვითარების დირექტორი საერთაშირისო მიმართულებით

კომპანიის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ ადგილობრივი პარტნიორები საერთო ღირებულებებზე დაყრდნობით შეირჩნენ: “ჩვენ გვაქვს ერთიანი ხედვა: ჩინური მაღალტექნოლოგიური ავტომობილი მომავლის ტენდენციაა და გადავწყვიტეთ, ეს ჩანაფიქრი საქართველოში რეალობად ერთად გვექცია“.

რევოლუციური EREV ტექნოლოგია

Li Auto-ს მთავარი კონკურენტული უპირატესობა Extended-Range Electric Vehicle (EREV) კონცეფციაში მდგომარეობს. ეს ტექნოლოგია აერთიანებს მძლავრ ელექტროძრავას და მცირე მოცულობის შიდა წვის გენერატორს, რომელიც მხოლოდ ბატარეის დასამუხტად გამოიყენება.

შედეგად, მომხმარებელი იღებს ელექტრომობილის მართვის გამოცდილებას “მანძილის შიშის” (Range Anxiety) გარეშე. სწორედ ამ ინოვაციამ მოუტანა ბრენდს მასობრივი პოპულარობა — მან ელექტრომობილი ხელმისაწვდომი გახადა იმ სკეპტიკოსებისთვისაც, ვისაც მხოლოდ ბატარეაზე მომუშავე მანქანით შორ მანძილზე მგზავრობა აშინებდა.

„ეს მანქანები გამორჩეულია როგორც ეკოლოგიურობით, ისე ავტონომიურობით. მათი გამოყენება შესაძლებელია სურვილისამებრ: ქალაქში შეგიძლიათ მართოთ სრულად ელექტრო რეჟიმში, ხოლო შორ მანძილზე მგზავრობისას ჩართოთ გენერატორი, რაც ჯამურ გარბენს 1200 კმ-ზე მეტამდე ზრდის“, — განმარტავს ლადო ჯავახაძე, Li Auto Georgia-ს წარმომადგენელი.

ჭკვიანი პლატფორმა

Li Auto-ს მოდელები არა მხოლოდ ტრანსპორტი, არამედ უახლესი ტექნოლოგიების ჰაბია. ბრენდის წარმომადგენლის თქმით, მომხმარებლებზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას „ჭკვიანი ფუნქციები“ ახდენს, რაც მათ ტრადიციული ბრენდებისგან განასხვავებს. ავტომობილის მართვა შესაძლებელია დისტანციურადაც, ხოლო მისი ინტერიერი მულტიმედიურ სივრცედაა ჩაფიქრებული. 

გარდა ამისა, მანქანას აქვს ენერგიის ორმხრივი გაცემის ფუნქცია. როგორც ლადო ჯავახაძე აღნიშნავს: “ჩვენ შეგვიძლია არა მარტო მივცეთ მანქანას ენერგია, არამედ დავამუხტოთ სხვა მოწყობილობებიც. ფაქტობრივად, თქვენს განკარგულებაშია მძლავრი მობილური გენერატორი“.

ბრენდი გათვლილია საქმიანი და აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებზე, რომელთაც თანაბრად სჭირდებათ კომფორტი ქალაქში და საიმედოობა ბუნებაში გასვლისას. “ეს არის ბიზნეს კლასის ავტომობილი, რომელიც თავისი გაბარიტების მიუხედავად, საოცრად სწრაფი და მანევრირებადია“, — ამბობს ჯავახაძე.

Li Auto Georgia ქართულ ბაზარზე უზრუნველყოფს ბრენდის უწყვეტ და სტაბილურ პოზიციონირებას, რაც მოიცავს მუდმივად განახლებულ მოდელებსა და კოლექციებს, სრულ ტექნიკურ და პროგრამულ მხარდაჭერას, ოფიციალურ საგარანტიო პირობებსა და მომსახურების მაღალ სტანდარტებს, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია Li Auto-ს გლობალურ პოლიტიკასთან. ქართველი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ყველა ის ტექნოლოგიური შესაძლებლობა — უსაფრთხოების სისტემები, ინტელექტუალური მართვა, მულტიმედია და სმარტ-ფუნქციები, რომლებიც OTA პროგრამული განახლებების უწყვეტი მხარდაჭერის წყალობით დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ფუნქციური და დახვეწილი ხდება.


 

23 დეკემბრის ღონისძიება მხოლოდ დასაწყისი იყო. 2026 წელს იგეგმება ახალი, მასშტაბური შოურუმის მშენებლობა, რომელიც სრულად უპასუხებს Li Auto-ს საერთაშორისო სტანდარტებს. ერთიან სივრცეში მომხმარებელი მიიღებს სრულ სერვისს:

  • პერსონალიზებულ კონსულტაციას და ავტომობილის შერჩევას;
  • უმაღლესი ხარისხის ტექნიკურ მომსახურებას;
  • ორიგინალ სათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს.

Li Auto Georgia-ს მისიაა, ხელი შეუწყოს საქართველოში ინოვაციური ტექნოლოგიების ადაპტაციას და დააკმაყოფილოს პრემიუმ სეგმენტის ელექტრომობილებზე მზარდი მოთხოვნა.