წლების განმავლობაში კონფერენციის საჯაროდ დაკნინების შემდეგ, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი, მოულოდნელად დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოჩნდა. აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლისას მასკი რამდენიმე საკითხს შეეხო, მათ შორის Tesla-ს გეგმებსა და კაცობრიობის მომავლის თავის ფუტურისტულ ხედვებს; ასევე, იხუმრა პოლიტიკურ დაძაბულობაზე გრენლანდიისა და ვენესუელის მიმართ აშშ-ის ინტერესებთან დაკავშირებით.
მასკმა გამოსვლა ხუმრობით დაიწყო: „მე გავიგე სამშვიდობო სამიტის შექმნის შესახებ და ვიფიქრე: ხომ არ არის ეს P-I-E-C… გრენლანდიის პატარა ნაწილი, ვენესუელის პატარა ნაწილი… ჩვენ მხოლოდ ნაწილი გვინდა“. ამის შემდგომ მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა „მარსზე სიკვდილის სურვილზე“ რამდენჯერმე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და განაცხადა, რომ ის მარსზე სიკვდილზე მართლაც ფიქრობს, თუმცა არ სურს, იქ კოსმოსური ხომალდით დაშვებისთანავე მოკვდეს.
აღნიშნულ საკითხებზე მასკმა BlackRock-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ლარი ფინკთან საუბრისას გაამახვილა ყურადღება, რომელმაც, თავის მხრივ, ამერიკელ მილიარდერს კოსმოსურ და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ წამოწყებებზე ჰკითხა. მასკმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი გეგმები მოწინავე ჰუმანოიდი რობოტების შექმნის შესახებ, რომლებიც, მისი თქმით, „დედამიწაზე ყველას“ ექნება.
დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლა მასკმა შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „მსურს ყველას მოვუწოდო, იყვნენ ოპტიმისტურად და ენთუზიაზმით განწყობილნი მომავლის მიმართ“.
ფორუმის ორგანიზატორების ცნობით, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს წამყვანი კომპანიებიდან 850 აღმასრულებელი დირექტორი და 400 პოლიტიკური ლიდერი ესწრება, მათ შორის თითქმის 65 სახელმწიფოს მეთაური და G7-ის ექვსი წარმომადგენელი. შედეგად, მასკი შეუერთდა ცნობილი მომხსენებლების გრძელ სიას, რომელთა შორის ბოლო დღეებში იყვნენ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და NVIDIA-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი.
მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მასკი წლების განმავლობაში აკრიტიკებდა. 2023 წელს მან სამიტი 4chan-ის შეტყობინებების დაფას შეადარა, რომელიც ექსტრემისტული შეხედულებების პლატფორმადაა ცნობილი და თქვა, რომ კარგი იქნებოდა თამაშის შექმნა: „4Chan თუ დავოსი, ვინ თქვა ეს?“. ერთი წლით ადრე კი მასკმა საჯაროდ განაცხადა უარი ფორუმში მონაწილეობაზე და მას „მოსაწყენი“ უწოდა.














