ტრამპმა სამხრეთ კორეიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფების 25%-მდე გაზრდა დააანონსა

ტრამპმა სამხრეთ კორეიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფების 25%-მდე გაზრდა დააანონსა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმპორტირებულ სამხრეთკორეულ საქონელზე ტარიფების 25%-მდე გაზრდა დააანონსა და ქვეყანა გასულ წელს აშშ-სთან დადებული სავაჭრო შეთანხმების „შეუსრულებლობის“ გამო გააკრიტიკა. იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი მუქარას შეასრულებს, აშშ-ში კორეული საქონელი 15%-ის ნაცვლად 25%-ით დაიბეგრება.

ორშაბათს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტარიფების ზრდა შეეხება როგორც ავტომობილებს, ისე ხე-ტყის მასალებსა და ფარმაცევტულ პროდუქტებს; ის, ამასთანავე, „ყველა სხვა ორმხრივ ტარიფზე“ გავრცელდება. „სამხრეთ კორეის საკანონმდებლო ორგანო შეერთებულ შტატებთან დადებულ შეთანხმებას არ ასრულებს“, – დაწერა ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე.

ტრამპის მუქარის საპასუხოდ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ტარიფების გაზრდის შესახებ აშშ-ის გეგმებზე ისინი წინასწარ ინფორმირებულნი არ ყოფილან. მათივე განცხადებით, სამხრეთ კორეის ვაჭრობის მინისტრი, კიმ იუნგ-ქვანი, რომელიც ამჟამად კანადაში იმყოფება, აშშ-ის ვაჭრობის მდივან ჰოვარდ ლუტნიკთან მოლაპარაკებებისთვის ვაშინგტონში გაემგზავრება.

სამხრეთ კორეასა და აშშ-ს შორის გასული წლის ოქტომბერში ტარიფებზე მიღწეული პაქტის თანახმად, ვაშინგტონს სამხრეთკორეულ საქონელზე, მათ შორის ავტომობილებზე, ავტონაწილებსა და ფარმაცევტულ პროდუქტებზე, 15%-იანი გადასახადი უნდა შეენარჩუნებინა. თუმცა არსებული შეთანხმება, აშშ-ის მიერ ტარიფების შემცირებასთან ერთად, სამხრეთ კორეის მხრიდან საინვესტიციო დაპირებებსაც ითვალისწინებდა.