ფოტო: Getty Images
ესპანეთის მთავრობამ სამშაბათს დაამტკიცა გეგმა, რომელიც დაახლოებით 500,000 არალეგალ მიგრანტს ქვეყანაში დასარჩენად ლეგალურ სტატუსს მიანიჭებს. ესპანეთის იმიგრაციის მინისტრ ელმა საისის განცხადებით, ბენეფიციარებს მუშაობა ქვეყნის მასშტაბით, ნებისმიერ სექტორში შეეძლებათ.
მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საისმა განაცხადა, რომ ქვეყნის მიზანი მიგრაციის მოდელის გაძლიერებაა, რომელიც, თავის მხრივ, „ადამიანის უფლებებზე, ინტეგრაციაზე, თანაცხოვრებაზეა დაფუძნებული და თავსებადია ეკონომიკურ ზრდასთან და სოციალურ ერთიანობასთან“. ლეგალური სტატუსის მისაღებად, ესპანეთი ქვეყანაში მცხოვრები მიგრანტებისგან ნასამართლეობის სუფთა ისტორიას ითხოვს. რეგულარიზაცია ასევე გავრცელდება მათ შვილებზე, რომლებიც უკვე ცხოვრობენ ესპანეთში.
განაცხადების მიღება, სავარაუდოდ, აპრილში გაიხსნება და ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. ხოლო მთავრობის მიერ სამშაბათს მიღებული განკარგულება გავრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც ქვეყანას საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით 2025 წლის 31 დეკემბრამდე მიმართეს. ეს გარკვეულწილად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ლეგალური სტატუსის მომთხოვნი პირები მინიმუმ 5 თვეა, რაც ქვეყანაში ცხოვრობენ.
ესპანეთის მემარცხენე მთავრობის გადაწყვეტილება გააკრიტიკა ქვეყნის კონსერვატიულმა და ულტრამემარჯვენე ოპოზიციამ და განაცხადა, რომ რეგულარიზაცია არალეგალური იმიგრაციის ზრდას წაახალისებს. თუმცა ქვეყნის სოციალისტი პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი, ამტკიცებს, რომ ესპანეთს მიგრაცია სამუშაო ძალის შესავსებად და მოსახლეობის დაბერების წინააღმდეგ საბრძოლველად სჭირდება.
Funcas-ის ანალიტიკური ცენტრის თანახმად, 2025 წლის იანვრის დასაწყისში ესპანეთში დაახლოებით 840,000 არალეგალი მიგრანტი ცხოვრობდა, რომელთა უმეტესობა ლათინელ-ამერიკელია. ეროვნული სტატისტიკის ინსტიტუტის უახლესი მონაცემებით, ესპანეთში 49.4 მილიონი მოსახლიდან 7 მილიონზე მეტი უცხოელია.














