Binance-ის დამფუძნებელი ჩანპენ ჭაო ტრამპის სტეიბლკოინის 87%-ს ფლობს

Binance-ის დამფუძნებელი ჩანპენ ჭაო ტრამპის სტეიბლკოინის 87%-ს ფლობს

კრიპტობირჟა Binance-ის დამფუძნებელი ჩანპენ ჭაო, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასული წლის ოქტომბერში შეიწყალა, ტრამპის ოჯახის საკუთრებაში არსებული კომპანიის, World Liberty Financial-ის მიერ გამოშვებული სტეიბლკოინის, USD1-ის დაახლოებით 87%-ს ფლობს. შედეგად, Binance-ის კონტროლქვეშ არსებული $5.4 მილიარდის ღირებულების USD1-დან, $4.7 მილიარდის კრიპტოვალუტა მის სახელზე ირიცხება.

Arkham Intelligence-ის ბლოკჩეინ-მონაცემების თანახმად, ათ უმსხვილეს სტეიბლკოინს შორის, საბაზრო კაპიტალიზაციით ეს ერთ კრიპტობირჟაზე ტოკენების ყველაზე დიდი გადანაწილებაა. Arkham Intelligence-ი არც იმ ფაქტს გამორიცხავს, რომ Binance-ის საკუთრებაში არსებული USD1-ის რაოდენობა მომავალში კიდევ უფრო გაიზარდოს.

რეალურად, ჭაოს კომპანიას მნიშვნელოვანი კავშირები აქვს ტრამპის ბიზნესსაქმიანობასთან. Binance-მა World Liberty Financial-ის სტეიბლკოინი გასული წლის მაისში განათავსა. იანვრის ბოლოს Binance-მა მომხმარებლებისთვის USD1-ის შესყიდვასთან ერთად, უფასოდ $WLFI ტოკენების გადაცემა დაიწყო. ამ შეთავაზების დასაფარად, Binance-მა ტრამპის კრიპტოპროგრამისგან $40 მილიონის ღირებულების, სავარაუდოდ, 235 მილიონი $WLFI მიიღო.

ამის მიუხედავად, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტთან გაფორმებული 2023 წლის ხელშეკრულებით, Binance-ს ამერიკელი მომხმარებლების მომსახურება ეკრძალება. ამგვარად, თუ წესები დაცულია, Binance-ის საკუთრებაში არსებული USD1-ის 87% ძირითადად შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ მყოფ მომხმარებლებს უნდა ეკუთვნოდეს. ამ დაშვებას ამყარებს ის ფაქტიც, რომ Arkham Intelligence-ის მონაცემებით, აშშ-ში მდებარე Binance-ის ფილიალი, Binance.US, მხოლოდ $1,119-ის ღირებულების USD1-ს ფლობს.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის უახლესი ფინანსური დეკლარაციის თანახმად, ტრამპების ოჯახის საკუთრებაში არსებული კომპანია DT Marks DEFI LLC, WLF-ში 22.5 მილიარდ ტოკენს ფლობს, მათი 70% მხოლოდ ტრამპს ეკუთვნის. World Liberty Financial-ი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში დააარსდა და მას შემდეგ ტრამპის ქონებას $1 მილიარდზე მეტი შემატა.

რაც შეეხება ჩანპენ ჭაოს, ის ფულის გათეთრების ბრალდებით 2024 წლის აპრილში დააკავეს და ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჭაომ სასჯელი 2024 წლის სექტემბერში მოიხადა, თუმცა გასული წლის ოქტომბერში ტრამპმა თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენა და შეიწყალა იგი. თეთრი სახლის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაცია ჭაოს კრიპტოვალუტის წინააღმდეგ გამოცხადებული ომის ფარგლებში დევნიდა.

ჭაოს დაკავებამდე, აშშ-ის ფედერალური მოსამართლის მიერ დამტკიცებული საპროცესო შეთანხმების ფარგლებში, კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ს $4.3 მილიარდზე მეტი ღირებულების ჯარიმისა და კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. ჭაომ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ეფექტიანი პროგრამის შეუნარჩუნებლობის საქმეში ბრალეულობა აღიარა.