ფოტო: Getty Images
ქვეყნის კანონმდებლობასთან შეუსაბამობის მიზეზით, რუსეთის კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (როსკომნადზორი), ქვეყნის მასშტაბით, Telegram-ზე წვდომა შეზღუდა. როსკომნადზორის განცხადებით, სამართლებრივი დარღვევების გამო, Telegram-ზე ეტაპობრივი შეზღუდვების შემოღება გაგრძელდება.
რუსეთის ხელისუფლება, რეგულაციების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, უცხოურ ტექნოლოგიურ პლატფორმებს შეზღუდვების დაწესებითა და სრულად აკრძალვით წარსულშიც არაერთხელ დაემუქრა. რუსეთის რეგულაციები უცხოურ კომპანიებს მომხმარებლების მონაცემების ქვეყნის შიგნით შენახვას ავალდებულებს და, ამასთან ერთად, კომპანიებისგან მოითხოვს, შეწყვიტონ თავიანთი სერვისების გამოყენება, როგორც კრემლი მათ უწოდებს, „კრიმინალური და ტერორისტული მიზნებისთვის“.
როსკომნადზორის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, Telegram-ის მომხმარებლების განცხადებით, რუსეთში პლატფორმა შენელებული ტრაფიკითა და დაგვიანებით მუშაობდა. კრიტიკოსებისა და უფლებადამცველი ჯგუფების განცხადებით, Telegram-ზე წვდომის შეზღუდვა კრემლის დაუფარავი მცდელობაა, გააფართოოს და გაამკაცროს კონტროლი ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტსერვისების გამოყენებაზე.
შეტყობინებების სერვისის, ასევე სოციალური მედიის პლატფორმის სახით, Telegram-ი რუსეთში კვლავ აქტიურად გამოიყენება, მათ შორის საჯარო პირების მხრიდან. Telegram-ის შეზღუდვის საპირისპიროდ, კრემლი ღიად მხარს უჭერს პლატფორმის კონკურენტს — Max-ს, რომელიც Facebook-ის რუსული ანალოგის, VK-ის მიერაა შემუშავებული. Max-ი შეტყობინებების პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებისთვის გადახდებსა და სამთავრობო სერვისებზე წვდომასაც უზრუნველყოფს.
კრემლმა Telegram-ის აკრძალვა წარსულშიც სცადა. მათ შორის, გასული წლის აგვისტოში, როდესაც Telegram-ითა და WhatsApp-ით ზარების განხორციელება აკრძალა. მაშინ როსკომნადზორის მიერ აკრძალვის მიზეზად კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის გამარტივება დასახელდა, რადგან, მისი თქმით, აღნიშნული პლატფორმები ტერორიზმისა და თაღლითობის საქმეების გამოსაძიებლად სამართალდამცავ უწყებებს ინფორმაციას არ უზიარებდნენ.
შეგახსენებთ, Telegram-ის დამფუძნებელი წარმოშობით რუსი მილიარდერი პაველ დუროვია. დუროვმა რუსეთი 2014 წელს დატოვა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ პლატფორმა VKontakte-ზე ოპოზიციური არხების დახურვა მოსთხოვა. Telegram-ი დუროვმა 2013 წელს დაარსა, 2018 წელს კი ის რუსეთში პირველად აიკრძალა. პლატფორმამ უარი განაცხადა, შეესრულებინა სასამართლო დადგენილება, რომელიც Telegram-ისგან მისი მომხმარებლების დაშიფრულ შეტყობინებებზე სახელმწიფოსთვის წვდომის მიცემას მოითხოვდა.














