ფოტო: Fred Guerdin/EU Commission
ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფებმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დადებულ სავაჭრო შეთანხმების პირობებზე კონსენსუსს მიაღწიეს. სავაჭრო შეთანხმება, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 2025 წლის ივლისში დადეს, ჯერ კიდევ რატიფიცირებას საჭიროებს.
აშშ-სა და ევროკავშირს შორის ივლისში მიღწეული შეთანხმება ევროკავშირის ქვეყნებიდან საექსპორტო პროდუქციის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის ევროპულ ავტომობილებზე, 15%-იანი გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს. სანაცვლოდ, ევროკავშირმა აშშ-ის საქონელზე ტარიფების ნულამდე შემცირების ვალდებულება აიღო. თუმცა გრენლანდიასთან დაკავშირებით ტრამპის მუქარის გამო, გასულ თვეში, EU-მ აშშ-სთან გაფორმებული სავაჭრო შეთანხმების სამართლებრივ იმპლემენტაციაზე მუშაობა დროებით შეაჩერა.
ევროკავშირის მხრიდან იანვარში იმპლემენტაციის პროცესის შეჩერების შემდეგ, ტრამპი რვა ევროპულ ქვეყანას, რომლებმაც გრენლანდიაზე სამხედროები გაგზავნეს, 10%-იანი ტარიფების დაწესებითაც დაემუქრა. თუმცა მოგვიანებით, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა უკან წაიღო.
იმპლემენტაციაზე მუშაობის პროცესი რამდენიმე კვირის შემდეგ განახლდა. ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების მიერ შეთანხმებულ პირობებს საერთაშორისო პარტნიორობის კომიტეტი 24 თებერვალს უყრის კენჭს, ხოლო პლენარულ სხდომაზე საკითხი მარტში განიხილება.
შეთანხმების პირობებით, ევროკავშირი აშშ-ის მხრიდან პირობების დარღვევის შემთხვევაში გარიგების დაუყოვნებლივი შეჩერების უფლებას იტოვებს. აშშ-ევროკავშირის შეთანხმება 2028 წლის მარტის ჩათვლით იმოქმედებს, თუ მხარეები მის გაგრძელებაზე არ შეთანხმდებიან. საპარლამენტო ჯგუფების მიერ მიღწეული სავაჭრო შეთანხმების ვერსია ითვალისწინებს დამცავ მექანიზმსაც და ბლოკს აძლევს უფლებას, იმოქმედოს იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის დაბალი ტარიფები ევროკავშირის ბიზნესებს დააზარალებს.














