შვედეთი უკრაინას უახლეს საჰაერო თავდაცვის სისტემას გაუგზავნის

შვედეთი უკრაინას უახლეს საჰაერო თავდაცვის სისტემას გაუგზავნის

ფოტო: BAE Systems

 

შვედეთმა უკრაინისთვის 12.9 მილიარდი კრონის (1.42 მილიარდი დოლარის) სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა. დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დახმარება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზეა ორიენტირებული.

მიუხედავად იმისა, რომ პრესრელიზში კონკრეტული ინფორმაცია არ არის მითითებული, შვედეთის ბოლოდროინდელ განცხადებებში ნახსენებია BAE Systems Bofors-ის მიერ შემუშავებული Tridon-საჰაერო თავდაცვის სისტემები.

Tridon-ი არის თვითმავალი და დისტანციურად მართვადი 40 მმ-იანი საზენიტო საარტილერიო იარაღი, რომელსაც, მისი მწარმოებლის თქმით, „დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების, თვითმფრინავებისა და ჯავშანტექნიკის“ წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლია. ის პირველად 2022 წელს შევიდა ექსპლუატაციაში.

ზამთრის დადგომასთან ერთად, რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გააძლიერა, რათა მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიაზე წვდომა შეზღუდოს. უკრაინას კი ამ შეტევების მოსაგერიებლად შესაბამისი აღჭურვილობა, ძირითადად, საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება.

შვედეთის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი პაკეტი ასევე მოიცავს საბრძოლო მასალის შეძენას, მათ შორის შორი მოქმედების არტილერიის ჭურვებს, სხვადასხვა ტიპის 40 მმ-იან საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მასალას და 12 სმ-იან ყუმბარმტყორცნის საბრძოლო მასალას, ასევე „უკრაინასთან შორი მოქმედების დრონების თანამშრომლობის პროექტის გაფართოებას“.