ფოტო: REUTERS/Dado Ruvic/Illustration
ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის განცხადებით, ჩინურმა AI-კომპანია DeepSeek-მა საკუთარი უახლესი მოდელი, რომელიც ერთ კვირაში გამოვა, ამერიკული Nvidia-ს ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიის მქონე ჩიპით, Blackwell-ით გაწვრთნა, რაც აშშ-ის საექსპორტო კონტროლის დარღვევას წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას მედიასააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული აკრძალვის თანახმად, ჩინეთს მოწინავე ტექნოლოგიის მქონე ამერიკული ჩიპების იმპორტის უფლება არა აქვს. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რამდენიმე კვირის წინ ნებართვა მხოლოდ მოძველებული მოდელების ჩინეთში ექსპორტზე გასცა, თუმცა ეს საკითხი ბევრ წინაღობას წააწყდა, მათ შორის – ჩინეთის მთავრობის მხრიდან.
ამერიკელი ოფიციალური პირის განმარტებით, დიდი ალბათობით, ჩინური DeepSeek-ი ყველა ტექნიკურ ინდიკატორს გააქრობს, რაც ამერიკული ტექნოლოგიის გამოყენებაზე მიუთითებს. ამერიკული მხარის ინფორმაციით, Nvidia-ს მოწინავე ტექნოლოგიის მქონე Blackwell-ების მუშაობა ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში, შიდა მონღოლეთში განთავსებულ მონაცემთა ცენტრში ხდება.
ოფიციალურმა პირმა არ დააკონკრეტა, თუ საიდან აქვს აღნიშნული ინფორმაცია ამერიკის მთავრობას ან რა გზებით მოიპოვა DeepSeek-მა აღნიშნული ჩიპები, თუმცა ხაზგასმით გაიმეორა აშშ-ის პოლიტიკა: „ჩვენ არ ვგზავნით Blackwell-ს ჩინეთში“.
აშშ-ის მთავრობაში ჩინეთისთვის ნახევარგამტარების მიწოდებასთან დაკავშირებით აზრები ორად იყოფა. ნაწილი, მათ შორის თეთრი სახლის AI-მიმართულების ხელმძღვანელი, დევიდ საკსი ამტკიცებს, რომ ჩიპების მიწოდებით, ჩინელ კონკურენტებს ამერიკულ კომპანიებთან დაწევის მცდელობაში ხელს შეუშლის. ნაწილს კი აღნიშნული ტექნოლოგიის მიწოდების აკრძალვა იმ მიზეზით სურს, რომ არსებობს ეჭვი, ჩინეთის მთავრობა ამ ჩიპებს საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გასაზრდელად გამოიყენებს.













