რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 4 წელი გავიდა | რა ხდება დღეს?

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 4 წელი გავიდა | რა ხდება დღეს?

ფოტო: atlanticcouncil.org

 

2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა. სამხედრო ინტერვენციის პარალელურად, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქსა და აღმოსავლეთ რეგიონებზე სარაკეტო იერიში მიიტანა და ამ ტერიტორიების საარტილერიო დამუშავება დაიწყო. ამით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში ყველაზე დიდი კონფლიქტი დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ ომის დაწყებამდე კვირებით ადრე კონფლიქტის გარდაუვალობა ცხადი იყო, რთულია, ომს მომზადებული შეხვდე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მტერი შენზე მრავალრიცხოვანია, ომი კი შენს ტერიტორიაზე მიმდინარეობს და ამიტომ სამოქალაქო მსხვერპლიც დიდია.

ამის გათვალისწინებით, დასავლური სადაზვერვო სამსახურები და, შესაბამისად, მთავრობები პროგნოზირებდნენ, რომ კიევზე მიტანილი იერიშის შედეგად, დედაქალაქის აღებას მტერი სამი დღის განმავლობაში შეძლებდა. თუმცა ყველასათვის მოულოდნელად, უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უკრაინელი ხალხის მედეგობამ მტრის მოულოდნელი თავდასხმა გაანეიტრალა, ჰოსტომელის აეროპორტში გადმოსხმული დესანტი გაანადგურა და, შესაბამისად, კიევის სამ დღეში დაცემის საფრთხეც აღმოფხვრა.

მიუხედავად მტრის ჩანაფიქრის განუხორციელებლობისა, მაშინ, ალბათ, ცოტას თუ წარმოედგინა, რომ ეს ომი ოთხი წელი გაგრძელდებოდა და ოთხი წლის თავზეც მისი დასრულების პერსპექტივა არ გამოჩნდებოდა. ამჟამად ფრონტზე სწორედ ასეთი სიტუაციაა. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ცეცხლის შეწყვეტისა და შემდეგ სამშვიდობო შეთანხმებაზე არ მოილაპარაკებენ, ომი კიდევ, მინიმუმ, რამდენიმე წლით გახანგრძლივდება.

სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგაც. სტამბოლში თურქეთის შუამავლობით გამართულ მედიაციაზე მაშინ მხარეებმა პოზიციები ვერ შეათანხმეს, რის გამოც ომი წლობით გაგრძელდა. მოლაპარაკებები აშშ-ში ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, მისივე ინიციატივით განახლდა. ტრამპი მხარეებისაგან დათმობებს დაჟინებით მოითხოვს, თუმცა ჯერჯერობით რეალური პროგრესი არ შეინიშნება.

დელეგაციებს შორის ბოლო შეხვედრა გასულ კვირას ჟენევაში გაიმართა, სადაც მაქსიმუმი, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების შემდეგ ვითარების კონტროლზე მათი პირობებია. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი შესაძლოა 26-27 თებერვალს გაიმართოს. ნებისმიერ შემთხვევაში, მოლაპარაკებების ეფექტიანობას მხოლოდ დრო აჩვენებს.

პოლიტიკის მკვლევრების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ომის დასრულება ამ მოცემულობით ორივე მხარეს სჭირდება, შესაბამისად, სპეკულაცია იმის შესახებ, რომ რომელიმე მხარე დროს მიზანმიმართულად წელავს, ნაკლებსავარაუდოა. ომის გამო მძიმე სანქციების ქვეშ მოყოლილი რუსეთისთვის ომის დასრულება ეკონომიკაზე წნეხის შემცირებას ნიშნავს, უკრაინისთვის კი ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ დასავლელი პარტნიორები უკრაინას შეიარაღებით თითქმის აღარ ამარაგებენ. ის დახმარებები კი, რასაც პარტნიორები უკრაინას ჯერაც აწვდიან, სრულიად არასაკმარისია რუსეთზე სამხედრო უპირატესობის მოსაპოვებლად.

საინტერესოა, როგორია მნიშვნელოვანი რიცხვები ომის დაწყებიდან ოთხი წლის შემდეგ.

კვლევითი ორგანიზაცია CSIS-ის ბოლო მონაცემებით, ორივე მხარეს ომში დაღუპული, დაჭრილი და დაკარგული სამხედროების რიცხვმა 1.8 მილიონი შეადგინა, საიდანაც რუსეთის დანაკარგი 1.2 მილიონია. უკრაინის მხარეს დანაკარგის რიცხვი 500,000-დან 600,000-მდე მერყეობს, საიდანაც 140,000 დაღუპულია. თუმცა, მოგეხსენებათ, ამ რიცხვებს არც ერთი მხარე არ ადასტურებს. მედიებისა და კვლევითი ორგანიზაციების მიერ ამ მონაცემების დამოუკიდებლად გადამოწმება კი შეუძლებელია.

გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის მონაცემებით, უკრაინაში ომს 15,000 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, 40,600 კი დაიჭრა. ამავე ორგანოს მონაცემებით, დაღუპული ბავშვების რაოდენობა 763-ს შეადგენს.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემებით, ამჟამად რუსეთს უკრაინის ტერიტორიის 19.4% აქვს ოკუპირებული. ომის დაწყების შემდეგ ეს რიცხვი გარკვეულ მონაკვეთებში იცვლებოდა, განსაკუთრებით ადრეულ ეტაპზე, თუმცა მნიშვნელოვანი ცვლილება ამ მიმართულებით არ ყოფილა. ომის დაწყებამდე რუსეთს უკრაინის ტერიტორიის 7%-მდე ჰქონდა ანექსირებული, მათ შორის ყირიმი და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ნაწილი.

გერმანული კვლევითი ორგანიზაცია Kiel Institute-ის მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში უკრაინისათვის გაწეული სამხედრო დახმარების მაჩვენებელი 13%-ით შემცირდა. აღნიშნულის ნაწილზე პასუხისმგებელი აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ნაწილზე კი ევროპული სახელმწიფოების ლიდერები არიან.

ომის დაწყების შემდეგ საკუთარი სამშობლო 5.9 მილიონმა უკრაინელმა დატოვა. უკრაინაში გაეროს წარმომადგენლობის მონაცემებით, მათგან 5.3-მა მილიონმა თავშესაფარი ევროპაში მიიღო, 300,000-ზე მეტი კი კანადაში დასახლდა.

იმ შემთხვევაში, თუკი ლიდერები პირობებზე შეთანხმებას ვერ მოახერხებენ, ბუნებრივია, ზემოთ აღნიშნული რიცხვები კიდევ უფრო გაიზრდება. ამ მოცემულობით კი, მხარეთა მთავარ პირობაზე, ტერიტორიებზე, დათმობას არც ერთი არ აპირებს. საინტერესოა, როგორ წარიმართება მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.