Paramount+-სა და HBO Max-ის ერთიან სტრიმინგსერვისს 200 მილიონამდე მომხმარებელი ეყოლება

Paramount+-სა და HBO Max-ის ერთიან სტრიმინგსერვისს 200 მილიონამდე მომხმარებელი ეყოლება

ფოტო: Michael Nagle/Bloomberg

 

Paramount-ის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ ელისონის წინადადება, რომელიც Paramount+-სა და HBO Max-ის ერთ პლატფორმად გაერთიანებას ითვალისწინებს, დაახლოებით 8 მილიონ ამერიკელს, რომლებიც ამჟამად ორივე სერვისის საფასურს იხდიან, დამატებითი ხარჯისგან გაათავისუფლებს. ამ მონაცემებს ამერიკული Forbes-ი მედიაკომპანიების გამომწერთა აღმრიცხველი პლატფორმა Antenna-ზე დაყრდნობით აქვეყნებს.

დევიდ ელისონმა ორი პლატფორმის ერთიან სტრიმინგსერვისად შერწყმის გეგმა ორშაბათს, ინვესტორებთან სატელეფონო კონფერენციაზე დააანონსა. ელისონის ვარაუდით, ახალ კომპანიას გლობალურად 200 მილიონამდე გამომწერი ეყოლება. ეს მაჩვენებელი მოიცავს აშშ-ის ფარგლებს გარეთ მყოფ მომხმარებლებს, ასევე HBO-ს, BET+-ისა და Discovery+-ის გამომწერებს.

ბოლო ფისკალური კვარტლის მონაცემებით, Warner Bros. Discovery-ის სტრიმინგის გლობალურ გამომწერთა რაოდენობამ 131.6 მილიონს, ხოლო Paramount+-ის აბონენტების რიცხვმა 78.9 მილიონს მიაღწია.

ცნობისთვის, Antenna-ს მონაცემებით, ამჟამად აშშ-ში Paramount+-სა და HBO Max-ს, შესაბამისად, 35.8 მილიონი და 27.1 მილიონი ფასიანი გამომწერი ჰყავთ. მათგან დაახლოებით 7.6 მილიონი ადამიანი ორივე სერვისის საფასურს იხდის, რაც HBO Max-ის გამომწერების 27.9%-ს, ხოლო აშშ-ში Paramount+-ის მომხმარებლების 21.1%-ს შეადგენს. თუ გაერთიანების მომენტისთვის ორივე სერვისი აბონენტთა რაოდენობას შეინარჩუნებს, მაშინ ახალ პლატფორმას მინიმუმ 55.3 მილიონი ამერიკელი მომხმარებელი ეყოლება.

Paramount-ის CEO-მ, დევიდ ელისონმა, HBO-ს მფლობელ Warner Bros. Discovery-თან შეთანხმებას მიაღწია, რაც კომპანიის აქციების ერთეულზე $31-ად შეძენას გულისხმობს. მანამდე, Warner Bros. Discovery-ის მოთხოვნის საფუძველზე, დევიდ ელისონის მამა, ამერიკელი მილიარდერი ლარი ელისონი დათანხმდა პირადი გარანტიის გაცემას, რომელიც მედიაკონგლომერატის შესყიდვაზე Paramount-ის შეთავაზებას $40.4 მილიარდით დააზღვევს.