უკრაინულმა დრონებმა ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე რუსულ ბაზებზე იერიში მიიტანა

უკრაინულმა დრონებმა ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე რუსულ ბაზებზე იერიში მიიტანა

ფოტო: Telegram channel Abkhaz Portal

 

დღეს ღამით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კამიკაძე დრონების გამოყენებით ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზებზე იერიში მიიტანეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დრონები გუდაუთის, სოხუმისა და ოჩამჩირის, ასევე ადლერ-სოჭის მიმართულებებზე გამოჩნდა.

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალები უპილოტო საფრენ აპარატებს სხვადასხვა სახის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით იგერიებდნენ. მათ შორის იყო ჰსთ სისტემა C-300, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Оса-АКМ და საზენიტო დანადგარი ЗУ-23.

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით საგანგებო სხდომა გაიმართა. დეფაქტო უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ საჰაერო თავდაცვის ძალები და მორიგე საშუალებები, ასევე ელექტრონული ომის დანაყოფები ახორციელებენ ზომებს, რათა თავიდან აიცილონ რესპუბლიკის საჰაერო სივრცის დარღვევა ამოუცნობი უპილოტო საფრენი აპარატების მიერ.

ვითარებას აკონტროლებს აფხაზეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო. აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეციალისტებთან თანამშრომლობით, ჩვეულებისამებრ მუშაობენ იდენტიფიცირებულ სამიზნეებზე.

მოქალაქეებს ვთხოვთ, შეინარჩუნონ სიმშვიდე. გზაგადამჭრელი სისტემების მუშაობის გამო, არსებობს თანამგზავრის ფრაგმენტების ჩამოვარდნის რისკი.

თუ აღმოაჩენთ უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის ადგილს ან მის ნამსხვრევებს, მკაცრად დაიცავით უსაფრთხოების წესები:

  • კატეგორიულად აკრძალულია ობიექტებთან მიახლოება.
  • არ შეეხოთ და არ სცადოთ ნამსხვრევების გადატანა. გახსოვდეთ: ფრაგმენტები შეიძლება შეიცავდეს ასაფეთქებელ ნივთიერებებს ან იყოს რადიოაქტიური დაბინძურების წყარო.
  • არ გადაიღოთ ფოტო ან ვიდეო საჰაერო თავდაცვის სისტემების მოქმედების დროს, რათა არ გამოვლინდეს საჰაერო თავდაცვის სისტემების პოზიციები.
  • თუ აღმოაჩენთ საეჭვო ობიექტებს ან ადგილებს, სადაც თვითმფრინავის ფრაგმენტები ჩამოვარდა, გთხოვთ, დაუყოვნებლივ აცნობოთ ამის შესახებ ოფიციალურ ტელეფონის ნომერზე: +7 (840) 274-40-10

თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ხალხს, ენდონ მხოლოდ ინფორმაციის ოფიციალურ წყაროებს“.

ქართველი სამხედრო მიმომხილველის, გიგა ინაშვილის, მოსაზარებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამიზნეებს, სავარაუდოდ, შემდეგი ობიექტები წარმოადგენდა: გუდაუთაში მდებარე მე-7 საოკუპაციო ბაზის საწყობები, ტექნიკის ბოქსები, რადიოლოკაციური და რადიოტექნიკური დაზვერვის სადგურები ბომბორას აეროდრომთან; სოხუმში მდებარე ბაბუშერის აეროპორტის ინფრასტრუქტურა, საფრენი აპარატები და იქ მდგარი რადიოტექნიკური დაზვერვის ქვედანაყოფის ტექნიკა; აგუძერაში მდებარე საზენიტო სისტემა C-300-ების დივიზიონის პოზიციები; ოჩამჩირეში მდებარე პორტის ინფრასტრუქტურა და სანაპირო დაცვის ბაზა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.