ფოტო: West Asia News Agency
ირანის ლიკვიდირებული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მემკვიდრედ მისი ვაჟის, მოჯთაბა ხამენეის კანდიდატურა განიხილება. აშშ-ისრაელის საჰაერო თავდასხმებს გადარჩენილი მოჯთაბა ხამენეი ირანის სასულიერო და სამხედრო წრეებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
56 წლის მოჯთაბა ხამენეი ალი ხამენეის მეორე ვაჟი და საშუალო რანგის სასულიერო პირია, რომელიც დასავლეთთან თანამშრომლობის რეფორმისტებს აქტიურად ეწინააღმდეგებოდა. მოჯთაბა ხამენეის ახლო კავშირები ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში მას ირანის პოლიტიკურ და უსაფრთხოების აპარატში გავლენების გაძლიერებაში დაეხმარა.
„მას დიდი მხარდაჭერა აქვს IRGC-ში, განსაკუთრებით ახალგაზრდა რადიკალურ თაობებს შორის. ასე რომ თუკი მოჯთაბა ცოცხალია, დიდი ალბათობით მემკვიდრე ის გახდება“, – განაცხადა ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „გაერთიანება ბირთვული ირანის წინააღმდეგ“ მკვლევარმა ქასრა აარაბიმ და აღნიშნა, რომ ის უკვე პოზიციონირებს როგორც „მინი-უზენაესი ლიდერი“.
ირანის სახელმწიფო მედიასაშუალებასთან კომენტარის დროს ირანის ახალი უზენაესი ლიდერის შესაქმნელად შეკრებილ ექსპერტთა ასამბლეის წევრმა, აიათოლა აჰმად ხატამიმ აღნიშნა, რომ ასამბლეა გადაწყვეტილების მიღებასთან ახლოსაა და შედეგს მალე გამოაცხადებს.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკასა და ბირთვულ პროგრამას სწორედ ირანის უზენაესი ლიდერი განაგებს.
მოჯთაბა ხამენეი 1969 წელს, ირანის ქალაქ მაშჰადში დაიბადა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ირან-ერაყის 1980-1988 წლების ომში. რელიგიური განათლება ირანის შიიტური თეოლოგიის ცენტრში, ქომის სემინარიაში რელიგიურ კონსერვატორებთან ერთად მიიღო. მისი სასულიერო რანგი ჰუჯათალისლამია. შიიტურ ისლამში აღნიშნული ტიტულატურა უდიდეს ავტორიტეტად მიიჩნეოდა, რომელმაც მოციქული მუჰამედის შემდეგ მეთორმეტე იმამის, იმამ ალ-მაჰდის დაბრუნებამდე უნდა უხელმძღვანელოს საზოგადოებას და ამავდროულად შეინარჩუნოს და გააგრძელოს მისი სწავლებები.
საინტერესოა, რომ მუჯთაბა ხამენეის ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობაში ოფიციალური პოზიცია არასდროს დაუკავებია. ალი ხამენეის ვაჟი იშვიათად ჩნდებოდა საჯაროდაც.
მიუხედავად იმისა, რომ მისი ფიგურა დიდი მხარდაჭერით სარგებლობს ირანში, კრიტიკოსები უზენაესი ლიდერის როლის მემკვიდრეობით გადაცემას ეწინააღმდეგებიან, რადგან ეს შინაარსით სწორედ იმ მონარქიულ პრინციპს იმეორებს, რომელიც 1979 წელს გადააგდეს.
მოჯთაბა ხამენეი 2019 წელს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა, რისი მიზეზიც უზენაესი ლიდერის ოფისში მუშაობა და მისი ოფიციალურად წარმოდგენა იყო. ლიკვიდირებულმა ალი ხამენეიმ მასზე ისეთი საქმიანობა დაადელეგირა, როგორიცაა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის კუდსისა და ბასიჯის ძალებთან კოორდინაცია.















