ფოტო: AP
ვილნიუსში აშშ-ის საელჩოს ცნობით, ბელარუსის ხელისუფლებამ, ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, 250 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა. მათგან 15 პირი ლიეტუვაში გაიგზავნა, ხოლო 235 ადამიანი ქვეყნის შიგნით გათავისუფლდა. სანაცვლოდ, აშშ ბელარუსის ფინანსური სექტორისთვის სანქციების შემსუბუქებას დათანხმდა.
პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მხარეებმა ხუთშაბათს, მინსკში, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელ ჯონ კოულსა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის გამართულ შეხვედრაზე შეათანხმეს. გათავისუფლებულთა შორის არიან ჟურნალისტები, აქტივისტები და მომიტინგეები. ერთ-ერთი მათგანია მარფა რაბკოვა — ბელარუსის ადამიანის უფლებათა ჯგუფის მოხალისეთა ქსელის კოორდინატორი, რომელიც ხუთი წლის წინ „ექსტრემიზმის“ ბრალდებით დააკავეს და თითქმის 15-წლიან სასჯელს იხდიდა.
კოულმა გადაწყვეტილება „მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ ეტაპად“ შეაფასა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები ბელარუსის ორ სახელმწიფო ბანკს, ფინანსთა სამინისტროსა და კალიუმის წამყვან მწარმოებლებს სანქციებს მოუხსნის. კოულმა უახლოეს მომავალში ამერიკის შეერთებულ შტატებში ლუკაშენკოს ვიზიტის შესაძლებლობაც არ გამორიცხა.
აშშ-მა სანქციები შეამსუბუქა „ბელინვესტბანკისთვის“, ხოლო სრულად მოხსნა კალიუმის მწარმოებელი კომპანიებისთვის: „ბელარუსკალისთვის“, „ბელარუსიან პოტაშ კომპანისა“ და „აგროროზკვიტისთვის“.
ცნობისთვის, კოულსა და ლუკაშენკოს შორის გამართული შეხვედრების საფუძველზე ბელარუსის ხელისუფლებამ პოლიტპატიმრები წარსულშიც გაათავისუფლა. მაგალითად, მოლაპარაკებების შედეგად, გასული წლის სექტემბერში ათობით პოლიტპატიმარი, ხოლო 2025 წლის დეკემბერში კიდევ 123 პირი გათავისუფლდა. მიუხედავად ამისა, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „ვიასნას“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ბელარუსში ამ დრომდე 1,100-ზე მეტი პოლიტპატიმარი იხდის სასჯელს.














