Uber-ი 2031 წლის ბოლომდე Rivian-ში $1.25 მილიარდამდე ინვესტიციას ჩადებს

Uber-ი 2031 წლის ბოლომდე Rivian-ში $1.25 მილიარდამდე ინვესტიციას ჩადებს

ფოტო: Getty Images

 

Uber-ის მიერ Rivian Automotive-ში რობოტაქსების წარმოების გაფართოებისთვის $1.25-მილიარდიანი ინვესტიციის გამოცხადებას ელექტრომობილების მწარმოებლის აქციების ფასის 8%-ზე მეტით ზრდა მოჰყვა. ხუთშაბათს, წინასავაჭრო სესიაზე, Rivian-ის აქციების ღირებულება 8.2%-ით გაიზარდა და მცირედით დააკომპენსირა მიმდინარე წელს დაფიქსირებული 14%-იანი ვარდნა.

არსებული გეგმით, Uber-ი 2031 წლის ბოლომდე Rivian-ში $1.25 მილიარდამდე ინვესტიციას ჩადებს, საიდანაც პირველ ტრანშს — $300 მილიონს — კომპანია შეთანხმებაზე ხელმოწერიდან მალევე მიიღებს. გარიგების პირობებით, Uber-ი Rivian-ის მომავალი თაობის R2-ტიპის ავტომობილების 10 000 ერთეულს შეიძენს, 2030 წელს კი დამატებით 40 000 რობოტაქსის შესყიდვის შესაძლებლობაც ექნება.

Uber-ის მეშვეობით R2-ის ტიპის რობოტაქსები ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ევროპის 25 ქალაქში გაეშვება. საწყის ეტაპზე Rivian-ის რობოტაქსები 2028 წელს სან-ფრანცისკოსა და მაიამიში გამოჩნდება.

რობოტაქსების ბაზარზე Waymo-სთან კონკურენციისთვის Uber-მა უკანასკნელ წლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი პარტნიორობის შესახებ განაცხადა. მათ შორის, კომპანიამ გასულ კვირას Amazon-ის მიერ მხარდაჭერილ Zoox-თან სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა. შეთანხმების პირობებით, Uber-ის ქსელში Zoox-ის რობოტაქსები 2027 წლისთვის გამოჩნდება.

გასული წლის ოქტომბერში Uber-თან თანამშრომლობა დააანონსა Nvidia-მაც, რომლის ფარგლებშიც 2027 წლიდან Uber-ის ავტონომიური მართვის ავტომობილების ფლოტი 100 000 ერთეულამდე უნდა გაიზარდოს.