სასამართლო პროცესების წაგების შემდეგ Meta-ს აქციების ღირებულება 7%-ით დაეცა

სასამართლო პროცესების წაგების შემდეგ Meta-ს აქციების ღირებულება 7%-ით დაეცა

ფოტო: Getty Images

 

ზედიზედ რამდენიმე მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესის წაგების შემდეგ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Meta-ს აქციების ღირებულება, ხუთშაბათის მდგომარეობით, 7%-ით დაეცა. ხუთშაბათს დაფიქსირებული ვარდნა, გასულ წელს აქციების ფასის 9.4%-იან კლებასთან ერთად, „შესანიშნავი შვიდეულის“ აქციებს შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

Meta-ს აქციების ღირებულების ვარდნა მიმდინარე კვირაში ორ სასამართლო დავაში კომპანიის წინააღმდეგ გამოტანილ ორ გამამტყუნებელ განაჩენს მოჰყვა. მათ შორის, კვირის დასაწყისში ნიუ-მექსიკოს შტატის სასამართლომ Meta-ს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ადგილობრივი კანონმდებლობის დარღვევისთვის, $375 მილიონის გადახდა დააკისრა. ხოლო რამდენიმე დღის წინ Meta-ს წინააღმდეგ საქმე მოიგო 20 წლის პირმა, ინიციალებით K.G.M-მა, რომელიც კომპანიას მოზარდობის ასაკში სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში სდებდა ბრალს. ამ კონკრეტული საქმისთვის Meta-ს $2 მილიონზე მეტის გადახდა დაეკისრა.

სასამართლო დავების მიღმაც, Meta-ს კომპანიის შიგნითაც რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს. Meta-მ ხელოვნური ინტელექტის მოდელის, Avocado-ს გამოშვება, მინიმუმ, მაისამდე გადადო მას შემდეგ, რაც მან საორიენტაციო ტესტებში კონკურენტების — Google-ის, OpenAI-ის და Anthropic-ის AI-მოდელების შედეგების გაუმჯობესება ვერ მოახერხა. Avocado-ს გამოშვების გადავადებიდან მეორე დღესვე Meta-ს აქციების ღირებულება 3.8%-ით დაეცა.

აღნიშნულის შემდეგ მალევე Meta-მ 15 ივნისიდან VR-ისთვის Horizon Worlds-ზე წვდომის შეზღუდვაც დააანონსა. კომპანიის განცხადებას უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, რის გამოც Meta-მ მოგვიანებით გეგმა უკან წაიღო. ბევრისთვის ეს ნაბიჯი Meta-ს $80-მილიარდიანი Metaverse-ის პროექტიდან ფოკუსის სხვა მიმართულებით გადატანაზე მიანიშნებდა. რეალურად კი აღნიშნული პროექტი 2021 წელს კომპანიის რებრენდინგის ნაწილი იყო.