უნგრეთის ვეტოს შენარჩუნების შემთხვევაში, კალასი გაყინული რუსული აქტივების გამოყენების წინადადებით გამოდის

უნგრეთის ვეტოს შენარჩუნების შემთხვევაში, კალასი გაყინული რუსული აქტივების გამოყენების წინადადებით გამოდის

ფოტო: Getty Images

 

2026 წლის 12 აპრილს უნგრეთში დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის ხელახალი არჩევისა და უკრაინისთვის განკუთვნილ €90-მილიარდიან ევროსესხზე ვეტოს შენარჩუნების შემთხვევაში, კაია კალასი ევროკავშირს რუსული აქტივების გამოყენების განხილვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა.

კალასის თქმით, უკრაინის რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას EU კვლავ განიხილავს, თუ არჩევნების შემდეგ უნგრეთი ვეტოს მოხსნაზე ისევ უარს იტყვის. „გასული წლის ბოლოს შევთანხმდით, რომ სესხი, რომლის უზრუნველყოფაზეც ახლა ვმუშაობთ, რეალურად B-გეგმა იყო. A-გეგმა კი გაყინული აქტივების გამოყენება გახლდათ“, – აღნიშნა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კიევში, ბუჩის ტრაგედიის მეოთხე წლისთავზე ვიზიტისას და დასძინა, რომ თუ B-გეგმა არ იმუშავებს, ისინი კვლავ A-გეგმას დაუბრუნდებიან, რადგან უკრაინას აუცილებლად უნდა მიეწოდოს ის დაფინანსება, რომელიც რუსულ აგრესიასთან წინააღმდეგობისთვის სჭირდება.

კალასის წინადადებას გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიჰა და განაცხადა, რომ გაყინული აქტივების გამოყენების დღის წესრიგიდან ამოღება არ შეიძლება მანამ, სანამ რუსეთი რეპარაციის საფასურს სრულად არ გადაიხდის.

უკრაინის სამხედრო და ფინანსური საჭიროებებისთვის გაყინული რუსული აქტივების გამოყენების იდეა ევროკავშირმა წარსულში უკვე რამდენჯერმე წამოჭრა. თუმცა ბელგია, სადაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტიტუტი Euroclear-ია განთავსებული, გეგმის სამართლებრივი და ფისკალური რისკების შესაფასებლად მეტ სიცხადეს ითხოვს. ცნობისთვის, მსოფლიო მასშტაბით გაყინული რუსული აქტივების მოცულობა $300 მილიარდს შეადგენს. აქედან $229 მილიარდი ევროპაშია განთავსებული, Euroclear-ში კი $217 მილიარდი ინახება.

პარალელურად უნგრეთი აცხადებს, რომ €90-მილიარდიან სასესხო პაკეტზე ვეტოს არ მოხსნის მანამ, სანამ „დრუჟბის“ მილსადენით ქვეყანაში რუსული ნავთობის ტრანზიტი არ აღდგება. მილსადენის ფუნქციონირება უკრაინამ იანვარში, რუსული სარაკეტო თავდასხმით გამოწვეული დაზიანების გამო შეაჩერა. უკრაინული მხარე მილსადენის შესაკეთებლად დროს ითხოვს, უნგრეთი კი მიწოდების დაუყოვნებლივ აღდგენას მოითხოვს.