ვინ არის პეტერ მადიარი, რომელმაც უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ორბანი დაამარცხა?

ვინ არის პეტერ მადიარი, რომელმაც უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ორბანი დაამარცხა?

ფოტო: CEPA

 

კვირას, 12 აპრილს, უნგრეთში გამართული საპარლამენტო არჩევნები მოქმედი პრემიერის, ვიქტორ ორბანის მემარჯვენე პარტია „ფიდესის“ მარცხით დასრულდა. საარჩევნო უბნებზე დათვლილი ხმებით, მთავარმა ოპოზიციურმა პარტია „ტისამ“, პეტერ მადიარის ხელმძღვანელობით, მოსახლეობის 53%-ზე მეტის მხარდაჭერა მიიღო. შედეგად, „ტისა“ უნგრეთის ახალი მოწვევის პარლამენტში – 138, ხოლო „ფიდესი“ 55 მანდატით იქნება წარმოდგენილი.

ვიქტორ ორბანმა, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2010 წლის შემდეგ იკავებს, თავის მთავარ ოპოზიციურ კანდიდატს გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები მათთვის „მტკივნეულია“, თუმცა „ნათელი“. დუნაის სანაპიროზე შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა მადიარმაც: „ჩვენ ეს შევძელით! „ტისამ“ და უნგრეთმა ამ არჩევნებში გაიმარჯვეს. ერთად ჩვენ გავათავისუფლეთ უნგრეთი და თავი დავაღწიეთ ორბანის რეჟიმს“, — მიმართა მან ამომრჩევლებს.

ორბანის გადარჩევითა და უნგრეთის სათავეში ახალი ძალის მოსვლით, მოსალოდნელია, რომ ქვეყნის პოლიტიკაც, განსაკუთრებით ევროკავშირთან, უკრაინასა და რუსეთთან მიმართებით, შეიცვლება. წლებია, ორბანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირედ მიიჩნევა, რაც EU-სა და უკრაინის დახმარების საკითხზე მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა. ამავდროულად კი, ევროკავშირის სახელმწიფოებთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე, განსაკუთრებით არჩევნების ბოლო კვირებში, ორბანის მხარდაჭერა გააძლიერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა; მათ შორის, უნგრეთის პრემიერს შეხვდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.

უნგრეთის ისტორიისთვის გარდამავალ, კომუნიზმის დასრულების პერიოდში, მადიარი ახალგაზრდა ორბანის მხარდამჭერებს შორის იყო. თუმცა მაშინ ორბანი ლიბერალი ანტიკომუნისტი იყო, რომელიც უნგრეთიდან საბჭოთა ჯარების გაყვანას აქტიურად მოითხოვდა. წლების შემდეგ მადიარი ორბანის პარტიის წევრებს შორისაც ირიცხებოდა, სანამ 2024 წლის თებერვალში მოქმედი პრემიერის ოპოზიციაში გადაინაცვლებდა.

ორბანზე თითქმის 17 წლით ახალგაზრდა, 45 წლის მადიარს, რომლის გვარიც „უნგრელს“ ნიშნავს, „კარგ ფიზიკურ ფორმაში მყოფ, მოდურად ჩაცმულ“ პოლიტიკოსად მოიხსენიებენ. მადიარი 1981 წელს იურისტებისა და მოსამართლეების ოჯახში დაიბადა და პროფესიით თავადაც იურისტია; მისი ნათლია კი უნგრეთის ყოფილი პრეზიდენტი, ფერენც მადლია (2000-2005 წლები).

მადიარი ორბანის პარტიას ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში შეუერთდა. მას შემდეგ კი ის, ამჟამად უკვე ყოფილ მეუღლე იუდით ვარგასთან ერთად, ბრიუსელში თითქმის ათი წლის განმავლობაში დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა. ისინი 2018 წელს სამ ვაჟთან ერთად ბუდაპეშტში დაბრუნდნენ, ვარგა კი მომდევნო წელს იუსტიციის მინისტრად დაინიშნა — თანამდებობა, რომელიც მან 2023 წელს დატოვა, რათა „ფიდესი“ 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში გაეყვანა. თუმცა თავდაპირველი გეგმა 2024 წელს, ორბანის პარტიასთან დაკავშირებული სკანდალის გამო ჩაიშალა.

უნგრეთის იმდროინდელმა პრეზიდენტმა, კატალინ ნოვაკმა, არასრულწლოვანი ბიჭების მიმართ ძალადობის დაფარვის ხელშეწყობაში ბრალდებული, ბავშვთა სახლის დირექტორის ყოფილი მოადგილე ენდრე კონია შეიწყალა. გადაწყვეტილებას უნგრეთში პროტესტი მოჰყვა, რის შედეგადაც ნოვაკი გადადგა, ხოლო ორბანის პარტიის, როგორც ქრისტიანული და ოჯახური ღირებულებების დამცველი მოძრაობის იმიჯი მნიშვნელოვნად შეილახა. თანამდებობა დატოვა ვარგამაც, რომელიც შეწყალების ხელმომწერთა შორის იყო.

2024 წლის თებერვალში მადიარმა უნგრეთის მედიასაშუალება „პარტიზანს“ ვიდეოინტერვიუ მისცა, რომელშიც შეწყალების სკანდალზე ისაუბრა და ორბანი და მისი მოკავშირეები „ქალის კალთებს მიღმა დამალვაში“ დაადანაშაულა. ინტერვიუში, რომელიც თითქმის 3 მილიონჯერ ნახეს, მადიარმა განაცხადა, რომ „ქვეყნის ნახევარს მხოლოდ რამდენიმე ოჯახი ფლობდა“.

აღნიშნული ინტერვიუდან მალევე მადიარი „ტისას“ პარტიას შეუერთდა და მისი ლიდერი გახდა. მადიარის ხელმძღვანელობით, 2024 წლის ივნისში გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში „ტისამ“ უნგრეთიდან ხმების თითქმის 30% მიიღო, რის შედეგადაც მადიარი ევროპარლამენტის წევრი გახდა. მას შემდეგ პარტიის წევრთა რაოდენობა გაიზარდა. „ტისა“ უნგრული სიტყვების აბრევიატურაა, რომელიც „პატივისცემას და თავისუფლებას“ ნიშნავს, ამავდროულად კი ქვეყნის მთავარი მდინარის სახელია. გამომდინარე აქედან, ხშირად პარტიას უნგრეთის „დამტბორავს“ უწოდებენ, მადიარს კი ორბანის სიცოცხლისუნარიან პოლიტიკურ ალტერნატივად მოიხსენიებენ. გამოცემები აღნიშნავდნენ, რომ მადიარი პირველი რეალური პიროვნება იყო უშუალოდ ორბანის პარტიიდან, რომელიც პრემიერ-მინისტრს ღიად დაუპირისპირდა და არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებსა და კორუფციაზე ისაუბრა.

მაშინ, როდესაც ორბანის წლევანდელი წინასაარჩევნო კამპანია ძირითადად საგარეო პოლიტიკასა და მსოფლიო ლიდერებთან მის ურთიერთობებზე იყო კონცენტრირებული, მადიარი აქტიურად საუბრობდა შიდა საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკა და კორუფცია. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ის აქტიურად მუშაობდა ამომრჩევლებთან პირდაპირი ურთიერთობის დამყარებაზე და სხვადასხვა ქალაქსა თუ დასახლებაში მოსახლეობას ხვდებოდა.

მადიარის საარჩევნო კამპანიის მთავარ თემას პირველივე დღეებიდან კორუფცია წარმოადგენდა. „პარტიზანთან“ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ორბანის, როგორც ეროვნული სუვერენიტეტის დამცველის იმიჯი მხოლოდ საფარი იყო, რომელიც მას მექანიზმის მუშაობის დასაფარად და ქონების მოსახვეჭად სჭირდებოდა. როგორც CNN-ს პოლიტოლოგმა პიტერ კრეკომ განუცხადა, მადიარი ორბანის სისტემის მუშაობის შესახებ კარგად იყო ინფორმირებული, რაც მას წინასაარჩევნო კამპანიის დროს დიდად წაადგა. მაგალითად, თებერვალში მადიარმა განაცხადა, რომ „ფიდესი“ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით მის შანტაჟს გეგმავდა. თუმცა სექსუალური კომპრომატები, თუ ასეთი არსებობს, ამ დრომდე არ გამომზეურებულა.

გარდა ამისა, მადიარი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში მაქსიმალურად ცდილობდა, მისი პოლიტიკური ფიგურა „ფიდესს“ ლიბერალად არ წარმოეჩინა. მაგალითად, მაშინ, როდესაც გასულ წელს ორბანმა ბუდაპეშტის პრაიდის მსვლელობა აკრძალა, მადიარმა განცხადებაში თავი აარიდა მოძრაობის სახელით ხსენებას და თქვა, რომ ორბანის მთავრობა მიზნად ისახავდა „შიშის დათესვას და ჩვენს გაყოფას“. მადიარმა ასევე თქვა, რომ უნგრეთს სჭირდებოდა პრემიერ-მინისტრი, რომელიც „დაიცავდა და წარმოადგენდა თითოეულ უნგრელს“.

მადიარი ფრთხილი იყო საგარეო პოლიტიკაზე, განსაკუთრებით კი უკრაინის საკითხზე საუბრის დროსაც. თუმცა როგორც პოლიტიკური რისკების საკონსულტაციო კომპანიის, „ევრაზია ჯგუფის“, ევროპის მმართველმა დირექტორმა მუჯტაბა რაჰმანმა განაცხადა, ბრიუსელში ბევრს ესმოდა, რომ მადიარი უბრალოდ ცდილობდა „ფიდესისთვის“ მასზე თავდასხმის შესაძლებლობები არ მიეცა. არჩევნების შედეგების მიღებიდან მალევე, თავად მადიარმაც თქვა, რომ ის, ორბანისგან განსხვავებით, უკრაინის მხარდასაჭერად ევროკავშირისთვის ხელის შეშლას არ გეგმავს და არც დახმარების პაკეტზე ვეტოს დადებას განიხილავს.

ამავდროულად კი, მადიარი უნგრეთისა და ბრიუსელის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე მუშაობასაც აპირებს. ევროკომისია ამჟამად უნგრეთისთვის დაახლოებით 18 მილიარდი ევროს დაფინანსებას აკავებს, რისი მიზეზიც ორბანის მმართველობის დროს დემოკრატიული უკუქცევის შესახებ შეშფოთებებია. ამ თანხის გაყინვამ კი, რაც უნგრეთის ეროვნული მშპ-ის დაახლოებით 10%-ია, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა.