ფოტო: Getty Images
ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმათა 98%-ზე მეტის დათვლის შედეგად, ბულგარეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის პარტიამ გაიმარჯვა. პრორუსი ექსპრეზიდენტის მემარცხენე-ცენტრისტულმა პარტიამ, „პროგრესულმა ბულგარეთმა“, არჩევნებში ხმათა 44.7% მიიღო.
ცესკოს მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილს ქვეყნის ყოფილი პრემიერის, ბოიკო ბორისოვის პარტია GERB-ი იკავებს. GERB-ს ამომრჩეველთა 13%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი. თუმცა თავად ბორისოვმა არჩევნების დასრულებამდე განაცხადა, რომ კოალიციაში შესვლას არ განიხილავს, რის გამოც მთავრობის ფორმირების ალბათობა დაბალია.
საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე რადევმა ბულგარელი ხალხის მხარდაჭერას „იმედის გამარჯვება უნდობლობასა და შიშზე, თავისუფლების გამარჯვება“ უწოდა. რადევმა ასევე თქვა, რომ ის ყველა ღონეს ხმარობს, რათა ბულგარეთმა „ევროპული გზა გაიაროს“, თუმცა აღნიშნა, რომ „ძლიერ ბულგარეთს და ძლიერ ევროპას კრიტიკული აზროვნება და პრაგმატიზმი სჭირდება“, ევროპა კი „საკუთარი ამბიციის მსხვერპლი გახდა, იყოს მორალური ლიდერი ახალი წესების მქონე სამყაროში“.
შეგახსენებთ, 19 აპრილს გამართული ვადამდელი არჩევნები, რომელიც 2021 წლის შემდეგ რიგით მეშვიდეა, 2025 წლის ბოლოს დაწყებულ პოლიტიკურ კრიზისს მოჰყვა. დეკემბერში ქვეყანაში 1990-იანი წლების შემდეგ ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები ვიხილეთ. ქუჩაში გამოსული დემონსტრანტები ბიუჯეტის პროექტს აპროტესტებდნენ, თუმცა მოთხოვნები მოგვიანებით მაღალი თანამდებობის პირების გადადგომით შეიცვალა.
რადევმა, რომელიც პრეზიდენტის პოსტს ცხრა წელი იკავებდა, გადადგომის შესახებ ოფიციალური განაცხადი 2026 წლის 20 იანვარს წარადგინა. რადევის გადადგომამ ეჭვები გააჩინა, რომ ის საკუთარი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას და არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა, რაც გამართლდა.
რადევის პოზიცია უკრაინის ომთან დაკავშირებით მკვეთრად განსხვავდება წინა მთავრობების ხედვისგან, რის გამოც ანალიტიკოსები და ოპონენტები მას ხშირად „პრორუსულს“ უწოდებენ. 62 წლის პოლიტიკოსმა წარსულში არაერთხელ გააკრიტიკა ევროკავშირის სანქციები და ბლოკს კრემლთან კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდა.















