Forbes: როგორი იქნებოდა უმდიდრესი ადამიანების რეიტინგი ქველმოქმედების გარეშე?

Forbes: როგორი იქნებოდა უმდიდრესი ადამიანების რეიტინგი ქველმოქმედების გარეშე?

ამერიკული Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში 2025 წლის მაისიდან პირველ ადგილს უცვლელად Tesla-სა და SpaceX-ის CEO, ილონ მასკი იკავებს. მიუხედავად ამისა, მასკს, რომლის სიმდიდრეც 2026 წლის 21 აპრილის მონაცემებით $839 მილიარდს აჭარბებდა, თავისი სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ $0.5 მილიარდი აქვს გაღებული, რაც მისი ქონების 0.06%-ია.

მასკმა თავისივე საქველმოქმედო ფონდებში Tesla-ს $8.5 მილიარდის ღირებულების აქციებიც გადარიცხა, თუმცა დეტალური ანალიზი აჩვენებს, რომ ეს თანხები ფონდებში გამოუყენებლად დევს და რეალურად სოციალურ პროექტებს არ ხმარდება.

იმის დასადგენად, თუ როგორ გადანაწილდებოდა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგი, თუ არცერთი მათგანი საქველმოქმედო მიზნებისთვის თანხას არ გაიღებდა, ამერიკულმა Forbes-მა რეიტინგი ხელახლა გადაალაგა. მიუხედავად რეიტინგის განახლებისა, მასკმა კვლავ შეძლო ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტულის შენარჩუნება, სხვა მხრივ კი მნიშვნელოვანი ცვლილებები ვიხილეთ.

მაგალითად, Microsoft-ის დამფუძნებელს, ბილ გეიტსს, მის საკუთრებაში არსებული აქციები სრულად რომ შეენარჩუნებინა (რომელთა ღირებულებაც 2000 წლის შემდეგ თითქმის შვიდჯერ გაიზარდა), დღეს ის ოთხჯერ უფრო მდიდარი იქნებოდა. ოფიციალური მონაცემებით, გეიტსმა საქველმოქმედო მიზნებისთვის Microsoft-ის 731 მილიონამდე აქცია გასცა. ამ აქციების შენარჩუნების შემთხვევაში, გეიტსის ქონება ახლა $464 მილიარდი იქნებოდა $108 მილიარდის ნაცვლად და რეიტინგში ის მე-19 ადგილის ნაცვლად მეორე პოზიციაზე იქნებოდა.

ანალოგიურად, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ხუთეულში იქნებოდა Berkshire Hathaway-ს თავმჯდომარე უორენ ბაფეტი. ბაფეტს, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი ფილანთროპია, სიცოცხლის განმავლობაში ქველმოქმედებისთვის $60 მილიარდზე მეტი აქვს გაღებული. 2026 წლის 21 აპრილის მონაცემებით, ის $149 მილიარდით რეიტინგში მეცხრე ადგილს იკავებს, თუმცა Berkshire Hathaway-ს აქციების ღირებულება თითქმის 700%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც 2006 წელს ბაფეტმა მათი საქველმოქმედო მიზნებისთვის გაცემა დაიწყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაფეტი ახლა $363 მილიარდით მსოფლიოს მესამე უმდიდრესი ადამიანი იქნებოდა.

მსოფლიოს უმსხვილეს ფილანთროპთა შორისაა მაქკენზი სკოტი, რომელსაც თავისი სიცოცხლის განმავლობაში ქველმოქმედებისთვის დაახლოებით $20 მილიარდი — თავისი ქონების 36% აქვს გაღებული. ამჟამად სკოტი Forbes-ის რეიტინგში $28 მილიარდით 84-ე პოზიციაზეა, თუმცა ამ თანხის შენარჩუნების შემთხვევაში სკოტი დაახლოებით $83 მილიარდით 26-ე პოზიციაზე იქნებოდა, ხოლო მისი ყოფილი ქმარი, ჯეფ ბეზოსი (#4), რომელსაც მხოლოდ $4 მილიარდი აქვს გაღებული, ხუთეულიდან მნიშვნელოვნად ჩამოქვეითდებოდა.

Forbes-ის შეფასებით, აი, როგორ შეიცვლებოდა მსოფლიოს ხუთი უმდიდრესი ადამიანის რეიტინგი, მათ ქველმოქმედებისთვის თანხა რომ არ გაეღოთ:

#1. ილონ მასკი
კორექტირებული ქონება: $858 მილიარდი (+$19 მილიარდი)
შემოწირულებების ფოკუსი: STEM, ჯანმრთელობა

Andrew Harnik/Getty Images

#2. ბილ გეიტსი
კორექტირებული ქონება: $464 მილიარდი (+$356 მილიარდი)
შემოწირულებების ფოკუსი: ჯანდაცვა, სიღარიბესთან ბრძოლა

REUTERS/Denis Balibouse/File Photo

#3. უორენ ბაფეტი
კორექტირებული ქონება: $363 მილიარდი (+$214 მილიარდი)
შემოწირულებების ფოკუსი: ჯანმრთელობა, სიღარიბესთან ბრძოლა

Gerald Miller | CNBC

#4. ლარი პეიჯი
კორექტირებული ქონება: $284 მილიარდი (+$27 მილიარდი)
შემოწირულებების ფოკუსი: კლიმატის ცვლილება, ჯანდაცვა

Photo: Shutterstock

#5. სერგეი ბრინი
კორექტირებული ქონება: $278 მილიარდი (+$41 მილიარდი)
შემოწირულებების ფოკუსი: პარკინსონი, კლიმატის ცვლილება

Michael Tran/AFP/Getty Images