ჩინეთმა Meta-ს მიერ AI-სტარტაპ Manus-ის $2 მილიარდად შეძენა დაბლოკა

ჩინეთმა Meta-ს მიერ AI-სტარტაპ Manus-ის $2 მილიარდად შეძენა დაბლოკა

ფოტო: Cheng Xin | Getty Images

 

ჩინეთის ხელისუფლებამ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტ Meta Platforms-ს მოსთხოვა, გააუქმოს 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების გარიგება, რომლის ფარგლებშიც კომპანია ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Manus-ის შეძენას გეგმავდა. დიდი ალბათობით, ეს გადაწყვეტილება ასახავს პეკინის მზარდ სიფრთხილეს უცხოური ინვესტიციების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მოწინავე ტექნოლოგიებს ეხება.

როგორც სახელმწიფო მედიასააგენტო Xinhua News Agency იუწყება, გადაწყვეტილება ეროვნული განვითარების და რეფორმების კომისიის (NDRC) უცხოური ინვესტიციების კონტროლის უწყებამ მიიღო, რომელმაც გარიგების სრულად გაუქმება მოითხოვა.

Manus-ი 2024 წლის მარტში გამოჩნდა ბაზარზე, როგორც AI-აგენტი, რომელსაც შეუძლია ავტონომიურად შეასრულოს რთული დავალებები, მათ შორის კვლევითი ანგარიშების დაწერა, პრეზენტაციების მომზადება და ვებგვერდების შექმნა. ჩინურმა სახელმწიფო მედიამ სტარტაპი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ მიღწევად შეაფასა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც DeepSeek-ის მოდელმა სერიოზული გავლენა მოახდინა ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებზე.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, Manus-ის ადრეული ვერსიები პეკინში დაფუძნებული სტარტაპის, Beijing Butterfly Effect Technology-ის მიერ შეიქმნა, რომელიც 2022 წელს დაარსდა. მოგვიანებით კომპანიამ სათავო ოფისი და წამყვანი ინჟინრები სინგაპურში გადაიყვანა — პრაქტიკა, რომელსაც სხვა ჩინური AI-კომპანიებიც მიმართავენ, რათა გეოპოლიტიკური რისკები შეამცირონ და დასავლურ ინვესტიციებსა და ტექნოლოგიებზე წვდომა მიიღონ.

Financial Times-ის ცნობით, Manus-ის სინგაპურში გადატანა თავდაპირველად NDRC-მ დაამტკიცა, თუმცა Meta-სა და სტარტაპს დეკემბერში დადებული გარიგების შესახებ ჩინეთის ხელისუფლებისთვის წინასწარ არ უცნობებიათ.

იანვარში, გარიგების გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში, ჩინეთის ხელისუფლებამ ეროვნული უსაფრთხოებისა და ექსპორტის კონტროლის შესაძლო დარღვევების კუთხით მისი შემოწმება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, NDRC-მ კომპანიის თანადამფუძნებლები ოფიციალურ შეხვედრაზე დაიბარა და განხილვის დასრულებამდე ქვეყნის დატოვებისგან თავის შეკავება მოსთხოვა.

გარიგების დაბლოკვა აშშ-სა და ჩინეთს შორის ტექნოლოგიების, განსაკუთრებით კი ხელოვნური ინტელექტის სფეროში, გაღრმავებული დაძაბულობის ფონზე მოხდა, რაც ვიტარებას კიდევ უფრო დაამძიმებს. ამავე დროს, ვაშინგტონი განაგრძოვს მოწინავე AI-ჩიპების ექსპორტის შეზღუდვას ჩინეთში, რათა მთავარ კონკურენტთან ტექნოლოგიური უპირატესობა შეინარჩუნოს. ცოტა ხნის წინ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დიპლომატიური არხებით ჩინეთის მხრიდან ამერიკული AI-კომპანიების ინტელექტუალური საკუთრების შესაძლო მითვისების შესახებ გაფრთხილებაც გაავრცელა.