OpenAI თავისი პირველი სმარტფონის შესაქმნელად Qualcomm-თან ითანამშრომლებს

OpenAI თავისი პირველი სმარტფონის შესაქმნელად Qualcomm-თან ითანამშრომლებს

ფოტო: Getty Images

 

ორშაბათ დილას, ნახევარგამტარების მწარმოებელი Qualcomm-ის აქციების ღირებულება თითქმის 8%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც მასსა და OpenAI-ს შორის პოტენციური პარტნიორობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ტექნოლოგიური ინდუსტრიის ანალიტიკოსის, მინგ-ჩი კუოს ცნობით, კომპანიები სმარტფონის შექმნაზე მუშაობენ, რაც ლოგიკურ კავშირშია წარსულში სემ ალტმანის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან და OpenAI-სთვის ტექნიკური მოწყობილობების (Hardware) ბაზარზე შესვლის პირველი მცდელობა იქნება.

TF International Securities-ის ანალიტიკოსის, მინგ-ჩი კუოს ინფორმაციით, OpenAI-სთვის სმარტფონის ჩიპის შესაქმნელად Qualcomm-ი ნახევარგამტარების ტაივანურ ფირმა MediaTek-თან ითანამშრომლებს, ხოლო ჩინური მწარმოებელი Luxshare მათ ჩიპების პროექტირებისას გაუწევს პარტნიორობას. კუოს განცხადებით, ამ მოწყობილობის მასობრივ წარმოებაში ჩაშვება 2028 წელს იგეგმება, თუმცა, ანალიტიკოსის პროგნოზით, სმარტფონის საბოლოო სპეციფიკაციები და მომწოდებელთა სია 2026 წლის ბოლოს ან 2027 წლის პირველ კვარტალში დამტკიცდება.

კუოს განცხადების შემდეგ, ორშაბათ დილას, Qualcomm-ის აქციების ღირებულება 8%-ით გაიზარდა. შედეგად, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ჩიპების ამერიკული მწარმოებლის აქციების ფასი 17%-ითაა გაზრდილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ალტმანმა OpenAI-ის თანამშრომლებს განუცხადა, რომ მან და Apple-ის ყოფილმა დიზაინერმა, ჯონი აივმა — რომელიც OpenAI-ს გასულ წელს შეუერთდა — მუშაობა დაიწყეს სრულიად ახალი ტიპის მოწყობილობაზე, რომელსაც ისინი ხელოვნური ინტელექტის „თანმხლებ“ მოწყობილობებს უწოდებენ. მოწყობილობა, რომელიც მომხმარებლის გარემოს აღიქვამს და ინფორმაციას აგროვებს, შეიძლება მოთავსდეს როგორც ჯიბეში, ასევე მაგიდაზე.

როგორც ალტმანმა თანამშრომლებს უთხრა, OpenAI-ის პირველი გაჯეტის მიზანი სმარტფონების ჩანაცვლება არ იქნება და მომხმარებლებს AI-ის გამოყენების სრულიად ახალ მიდგომას შესთავაზებს. წარსულში OpenAI-ის CEO-მ აივთან თანამშრომლობით AI-ზე მომუშავე „კომპიუტერების ახალი თაობის“ შექმნის მცდელობაზეც მიანიშნა, თუმცა ეს მცდელობაც ამ დრომდე არ დადასტურებულა.