OpenAI-მ შემოსავლების პროგნოზები ვერ გაამართლა | კომპანიის ინვესტორების აქციები მკვეთრად გაუფასურდა

OpenAI-მ შემოსავლების პროგნოზები ვერ გაამართლა | კომპანიის ინვესტორების აქციები მკვეთრად გაუფასურდა

სამშაბათს, ადრეულ ვაჭრობაში, ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ OpenAI-ის ინვესტორთა და პარტნიორების აქციების ღირებულება მკვეთრად დაეცა. ვარდნა გამოცემა Wall Street Journal-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, AI-გიგანტმა შემოსავლებისა და მომხმარებელთა ზრდის შიდა პროგნოზები ვერ გაამართლა. შედეგად, აღმასრულებელთა შორის გაჩნდა ეჭვი, რომ OpenAI-ს შესაძლოა სამომავლოდ ახალი კონტრაქტების დაფინანსებაც გაუჭირდეს.

WSJ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ OpenAI-ის მიზანი 2025 წლის ბოლოსთვის ChatGPT-ის მომხმარებელთა რაოდენობის მილიარდამდე ზრდა იყო. თუმცა აღნიშნული გეგმა, ისევე როგორც ყოველთვიური შემოსავლის მიზნები, ვერ შესრულდა. გამოცემის თანახმად, ამის მიზეზი ხელოვნური ინტელექტის ბაზარზე კონკურენტი ფირმა Anthropic-ის წილის ზრდა გახდა.

OpenAI-ის ფინანსურმა დირექტორმა, სარა ფრაიერმა, კომპანიის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების ზრდის ტემპი არ დაჩქარდება, სტარტაპმა შესაძლოა გამოთვლით სიმძლავრეებზე კონტრაქტებისთვის სამომავლოდ საკმარისი თანხები ვეღარ უზრუნველყოს. ფრაიერი ასევე სიფრთხილით ეკიდება მოსალოდელი IPO-ის საკითხს, განსხვავებით ალტმანისგან, რომელიც ბევრად აგრესიული გრაფიკის მომხრეა.

„[ეს] ბადებს კითხვებს, შეძლებს თუ არა [OpenAI] მის მიერ აღებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული ვალდებულებების შესრულებას“, — განაცხადა Vital Knowledge-ის ანალიტიკოსმა ადამ კრისაფულიმ.

ცნობისთვის, Wall Street Journal-ის მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შემცირდა OpenAI-ის უმსხვილესი პარტნიორებისა და ინვესტორების აქციების ღირებულება: მათ შორის Nvidia-ს აქციების ღირებულება 3%-ით დაეცა, Microsoft-ის — 1%-ით, Broadcom-ის — 4%-ით; CoreWeave-ის აქციების ფასმა 7.1%-იანი ვარდნა დააფიქსირა, Oracle-ის — 6.5%-იანი, ხოლო SoftBank-ის შემთხვევაში 11.9%-იანი კლება მივიღეთ.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მარტის დაფინანსების რაუნდში OpenAI-მა $122 მილიარდი მოიზიდა. ეს კერძო ტექნოლოგიური კომპანიისთვის ისტორიულად რეკორდული შედეგია, რამაც კომპანიის საბაზრო ღირებულება $852 მილიარდამდე გაზარდა. ფრაიერის განცხადებით, ინდივიდუალური ინვესტორების მხრიდან OpenAI-ის IPO-ზე „ძალიან ძლიერი მოთხოვნაა“. Reuters-ის ინფორმაციით, OpenAI-მა $1-ტრილიონიანი ღირებულებით IPO-ზე განაცხადი შესაძლოა მიმდინარე წლის ოქტომბერში შეიტანოს.