როგორ მიიღო Apple-მა I კვარტალში $111 მილიარდის შემოსავალი?

როგორ მიიღო Apple-მა I კვარტალში $111 მილიარდის შემოსავალი?

ფოტო: REUTERS/Maxim Shemetov

 

Apple-მა 2026 წლის პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის შემოსავალმა $111 მილიარდი შეადგინა, რითაც ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა. ფინანსური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, გახანგრძლივებულ ვაჭრობაში, Apple-ის აქციების ფასი დაახლოებით 3%-ით გაიზარდა.

საერთო შემოსავლების დადებითი მაჩვენებლის მიუხედავად, უკანასკნელი სამი კვარტალური პერიოდის განმავლობაში უკვე მეორედ, iPhone-ის გაყიდვების მაჩვენებელი პროგნოზირებადს ჩამორჩება. კერძოდ, 2026 წლის პირველ კვარტალში iPhone-ის გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა $56.99 მილიარდს მიაღწია, ნაცვლად ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდები $57.21 მილიარდისა.

რაც შეეხება Apple-ის სხვა მსხვილ პროდუქტებს — Mac-ის გაყიდვებიდან კომპანიამ $8.4 მილიარდი მიიღო (პროგნოზირებადი $8.02 მილიარდი), iPad-დან — $6.91 მილიარდი (პროგნოზირებადი $6.66 მილიარდი), ხოლო სერვისებიდან — $30.98 მილიარდი.

საერთო ჯამში, Appleის მოგებამ ერთ აქციაზე  $2.01 შეადგინა, მაშინ როდესაც ანალიტიკოსები $1.95-ის მიღებას ვარაუდობდნენ. საერთო მოგების მარჟაც, 49.3%- ით, იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ (48.4%).

Apple-ის განცხადებით, კომპანიის შემოსავალი გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 17%-ითაა გაზრდილი. ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის ვარაუდით, ივნისის კვარტალში, გასულ წელთან შედარებით, შემოსავლები 14%-დან 17%-მდე გაიზარდება. LSEG-ის მონაცემებით, ანალიტიკოსები 9.5%-იან, $103-მილიარდიან მატებას პროგნოზირებენ.

ცნობისთვის, ეს Apple-ის მიერ გამოქვეყნებული პირველი ფინანსური საჯარო ანგარიშია მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ტიმ კუკი 15-წლიანი მუშაობის შემდეგ აღმასრულებელი დირექტორის პოსტს დატოვებს.