ცუკერბერგის თქმით, AI-ზე ხარჯების ზრდის გამო, Meta-ს 8,000-მდე თანამშრომლის დათხოვნა მოუწევს

ცუკერბერგის თქმით, AI-ზე ხარჯების ზრდის გამო, Meta-ს 8,000-მდე თანამშრომლის დათხოვნა მოუწევს

Meta-ს ხელმძღვანელ მარკ ცუკერბერგის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით გაზრდილი ხარჯების გამო, კომპანიას უახლოეს მომავალში 8,000-მდე თანამშრომლის გათავისუფლება მოუწევს. შემცირებები მიმდინარე წლის 20 მაისიდან დაიწყება და კომპანიის სამუშაო ძალის დაახლოებით 10%-ს შეეხება.

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, შიდა შეხვედრაზე ცუკერბერგმა ხარჯების მთავარ მიზეზად AI-ინფრასტრუქტურა და გამოთვლითი სიმძლავრეები დაასახელა. აღნიშნული მიმართულებები კოლოსალურ თანხებს მოითხოვს, კომპანია კი ცდილობს, ეს ხარჯები პერსონალის შემცირებით დააკომპენსიროს. WSJ-ის თანახმად, Meta-ს ხელმძღვანელმა შეხვედრაზე დამსწრეებს უთხრა, რომ ეს „გარკვეულწილად კომპანიის ზომის შემცირებას“ გულისხმობს.

ცუკერბერგმა თანამშრომლებს ეფექტიანობის ზრდის თავისებური ხედვაც გააცნო და სამუშაო პროცესში AI-ის ჩართვის შესახებ ესაუბრა. „თუ ადრე გუნდს 50 ან 100 ადამიანი სჭირდებოდა, ახლა კი იმავე საქმეს 10 აკეთებს, გუნდში კვლავ იმავე რაოდენობის თანამშრომლების ყოლა სამომავლოდ შესაძლოა კონტრპროდუქტიული იყოს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს უნდა გამოვასწოროთ“, — განაცხადა ცუკერბერგმა.

თუმცა Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ისიც თქვა, რომ გუნდის ზომის შემცირება აუცილებლად პერსონალის გათავისუფლებას არ ნიშნავს, ხელოვნურ ინტელექტს კი შეუძლია თანამშრომლებს „მეტი ახალი პროექტის შემუშავებაში“ ხელი შეუწყოს.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი კვარტალის შედეგები Meta-მ გუშინ გაასაჯაროვა. 2026 წლის პირველ კვარტალში მარკ ცუკერბერგის კომპანიამ $56.31 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რითაც ანალიტიკოსების $55.45-მილიარდიან პროგნოზს მცირედით გადააჭარბა. გარდა ამისა, ამერიკულმა კომპანიამ 2026 წლისთვის კაპიტალური დანახარჯების პროგნოზი $125-$145 მილიარდამდე გაზარდა, რაც დიდწილად კომპონენტების გაძვირებისა და მონაცემთა ცენტრების მშენებლობის მზარდი ხარჯების დამსახურებაა. დამატებით, ამ თვის დასაწყისში ამერიკულმა კომპანიამ Muse Spark-იც წარადგინა, რომელიც Meta-ს პირველი საკუთარი წარმოების საბაზისო AI-მოდელია.