რომელ ქვეყნებს აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყველაზე დიდი ვალი?

რომელ ქვეყნებს აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყველაზე დიდი ვალი?

ფოტო: Getty Images

 

ეკონომიკური წნეხის ზრდისა და სახელმწიფო ფინანსების დეფიციტის ფონზე, მსოფლიოს ათობით სახელმწიფო დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) დახმარებაზეა დამოკიდებული. Visual Capitalist-ის ანალიტიკოსებმა IMF-ის 2026 წლის აპრილის მონაცემებზე დაყრდნობით მოამზადეს რეიტინგი, რომელიც გლობალური მასშტაბით ქვეყნებს შორის ფონდის კრედიტების გადანაწილებას ასახავს.

მონაცემების თანახმად, IMF-ის მიერ ფინანსური ვალდებულების სახით გაცემული თანხების დიდი ნაწილი რამდენიმე ქვეყანაზე ნაწილდება, თუმცა უპირობო ლიდერი არგენტინაა.

არგენტინა არა მხოლოდ მსოფლიო სავალუტო ფონდის უმსხვილესი კრედიტორია, არამედ ამ ქვეყანას თითქმის ოთხჯერ მეტი მართებს IMF-ის, ვიდრე რეიტინგში ფონდის მეორე უმსხვილეს კრედიტორს, უკრაინას. $60 მილიარდზე მეტი ფინანსური დავალიანება შედეგია ლათინურ-ამერიკულ სახელმწიფოში ათწლეულების განმავლობაში გამეფებული ინფლაციის, ვალუტის არასტაბილურობისა და IMF-ის ე.წ. „განმეორებითი პროგრამების“.

ხშირად ამას IMF-ზე დამოკიდებულებასაც უწოდებენ და ეს მაშინ ხდება, როდესაც ქვეყანა, რომელმაც ფონდისგან ვალი აიღო, ვერ ახერხებს შიდა ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტას და ახლა უკვე, ფუნდამენტურ გამოწვევებთან ბრძოლის გარდა, ძველი ვალდებულების გადასაფარადაც უწევს ახალი სესხის აღება. ცნობისთვის, არგენტინამ ამ პროგრამით ყველაზე მეტჯერ, 23-ჯერ ისარგებლა, ხოლო მეორე ადგილზე განაა — 17 პროგრამით.

არგენტინის შემდეგ IMF-ის უმსხვილეს კრედიტორ სახელმწიფოებს შორის არიან უკრაინა, ეგვიპტე და პაკისტანი. 2026 წლის აპრილში მიღწეული შეთანხმებით, IMF-მა უკრაინას დავალიანების გადახდის თარიღი 2030 წლამდე გადაუვადა. ეს რუსეთთან ომში მყოფ ქვეყანას დროს მისცემს, რესურსები თავდაცვისუნარიანობასა და განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას მოახმაროს. აპრილის მდგომარეობით, IMF-სთან უკრაინის ფინანსური ვალდებულება $15.5 მილიარდს შეადგენს.

საინტერესოა, რომ რაოდენობრივად მსოფლიო სავალუტო ფონდის მოვალეებს შორის ყველაზე მეტი სახელმწიფო აფრიკიდანაა წარმოდგენილი, თუმცა, ცალკეულად, ამ ქვეყნების ფინანსური დავალიანება IMF-ისთვის $1 მილიარდზე ნაკლებია. აღსანიშნავია სურინამიც, რომლის ვალიც შედარებით მცირეა და $620 მილიონს აღწევს, თუმცა მშპ-სთან მიმართებით მას ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ეს 2020 წლის ეკონომიკური კოლაფსის, ნავთობიდან მიღებული შემოსავლების კლებისა და ვალუტის დევალვაციის შედეგია.

მსოფლიო სავალუტო ფონდს სახელმწიფოები, როგორც წესი, მძიმე ეკონომიკური გამოწვევების დროს მიმართავენ. ეს ძირითადად სამ შემთხვევაში ხდება: ქვეყანას არა აქვს საკმარისი თანხები იმპორტის საფასურის გადასახდელად, ეროვნული ვალუტა მკვეთრ დევალვაციას განიცდის ან სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის გამო ქვეყანა ვალების გადახდას ვეღარ ახერხებს. ამის მაგალითია არგენტინა, რომელიც ათწლეულებია, ამ ციკლიდან გამოსვლას IMF-ის დახმარებით ცდილობს.

აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდის მიერ გაცემული დახმარება, წევრ სახელმწიფოებს შორის, კვოტების მიხედვით ნაწილდება. SDR სარეზერვო სავალუტო აქტივია, რომელიც ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოებისთვის კრედიტის მიღების უფლებას განაპირობებს. 2026 წლის მონაცემებით, 1 SDR დაახლოებით $1.44-ია. შესაბამისად, ქვეყნები SDR-ებს იღებენ და შემდგომ მათ მყარ ვალუტაში, მაგალითად, აშშ დოლარში ცვლიან.

რაც შეეხება საქართველოს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2026 წლის აპრილის მონაცემებით, საქართველოს IMF-თან დაახლოებით $466 მილიონის ფინანსური დავალიანება აქვს. ამ მონაცემებით, საქართველო საერთო რეიტინგში ბურკინა-ფასოსა და ტოგოს შორის, 44-ე ადგილზეა. მშპ-სთან მიმართებაში საქართველოსთვის IMF-ის ვალი 1.1%-ია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) 10 უმსხვილესი კრედიტორი ქვეყანა:

რეიტინგიქვეყანაIMF-ის ვალის მოცულობა IMF-ის ვალი მშპ-სთან მიმართებაში
1 არგენტინა $60.2 მლრდ8.7%
2 უკრაინა $15.5 მლრდ6.9%
3 ეგვიპტე $10.7 მლრდ2.5%
4 პაკისტანი $10.5 მლრდ2.6%
5 ეკვადორი $10 მლრდ7.3%
6 კოტ-დ’ივუარი $5.2 მლრდ5.3%
7 კენია $4.2 მლრდ2.9%
8 ბანგლადეში $4.2 მლრდ0.8%
9 განა $3.9 მლრდ3.3%
10 ანგოლა $3.5 მლრდ2.3%