რა ღირდა 2026 წლის Met Gala-ს ბილეთები?

რა ღირდა 2026 წლის Met Gala-ს ბილეთები?

ფოტო: Getty Images

2026 წლის Met Gala არა მხოლოდ ექსტრავაგანტური წითელი ხალიჩით, არამედ ბილეთების რეკორდული ფასითაც გამოირჩეოდა: თითქმის 80-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად, ერთი ბილეთის ღირებულებამ ექვსნიშნა რიცხვს მიაღწია.

ექსკლუზიური ღონისძიება, რომელიც სპორტის, კინოს, მუსიკისა და სხვა სფეროების ცნობილ ფიგურებს აერთიანებს, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმიში ყოველწლიურად იმართება და კოსტიუმების ინსტიტუტის გაზაფხულის გამოფენის გახსნას ეძღვნება. 2026 წლის Met Gala-ს თემა „მოდა ხელოვნებაა“ იყო.

წლევანდელი გალას სპონსორები Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და მისი მეუღლე, ლორენ სანჩეს-ბეზოსი იყვნენ, რომლებიც მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმმა საპატიო თავმჯდომარეებად დაასახელა. წელს ოფიციალური თანათავმჯდომარეები იყვნენ: ბიონსე, ნიკოლ კიდმანი, ვენუს უილიამსი და ანა ვინტური.

რა ღირდა Met Gala-ს ბილეთები?

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ Met Gala-ს ბილეთები საჯაროდ გასაყიდად არ არის ხელმისაწვდომი მის მისაღებად ღონისძიებაზე მიწვეული უნდა იყოთ. მათთვის კი, ვინც ამ მოწვევას მიიღებს, 2026 წლის Met Gala-ს თითო ბილეთის ფასი 100,000 დოლარი იყო. ეს მკვეთრი ზრდაა წინა წელთან შედარებით, როდესაც ბილეთის ფასი $75,000-ს შეადგენდა. გარდა ამისა, წელს 10კაციანი მაგიდის ღირებულება 350,000 დოლარიდან იწყებოდა.

მნიშვნელოვანია, რომ ხშირ შემთხვევაში ამ თანხას თავად სტუმრები არ იხდიან. მათ ადგილებს ძირითადად ყიდულობენ მოდის სახლები და ბრენდები, რომლებიც შემდეგ ცნობილ სახეებს იწვევენ. წლევანდელ ღონისძიებას დაახლოებით 400 სტუმარი დაესწრო.

გალადან შესული თანხა მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტს ხმარდება. Vogue-ის ცნობით, 2025 წელს ღონისძიებიდან 31 მილიონი დოლარი შეგროვდა. წლევანდელი Met Gala-ს ზუსტი შემოსავალი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, თუ ბილეთების გაზრდილ ფასს გავითვალისწინებით, დიდი ალბათობით, ის გასული წლის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს.

ცნობისთვის, Met Gala 1948 წელს დაარსდა და თავდაპირველად საქველმოქმედო ვახშამს წარმოადგენდა. თემატური და გრანდიოზული ფორმატი კი 1970-იანი წლებიდან ჩამოყალიბდა. წლების განმავლობაში ღონისძიება არაერთი დიზაინერის შემოქმედებას მიეძღვნა, მათ შორის კარლ ლაგერფილდს, და სხვადასხვა კულტურულ თემებს – შუა საუკუნეების ხელოვნებიდან პანკ-მოძრაობამდე.