სავაჭრო სასამართლომ ტრამპის ახალი 10%-იანი ტარიფები უკანონოდ მიიჩნია

სავაჭრო სასამართლომ ტრამპის ახალი 10%-იანი ტარიფები უკანონოდ მიიჩნია

ფოტო: financialexpress.com

 

აშშ-ის საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული 10%-იანი გლობალური ტარიფები უკანონოდ ჩაითვალა. აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკისათვის მიყენებული კიდევ ერთი მძიმე დარტყმაა. შეგახსენებთ, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული გლობალური ტარიფები უკანონოდ თებერვალში ცნო.

აშშ-ის საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლოში პრეზიდენტის გადაწყვეტილების წინააღმდეგ საჩივარი მცირე ბიზნესებმა ერთობლივად შეიტანეს. ტარიფების საწინააღმდეგო განაჩენი კი მოსამართლეთა კოლეგიამ გამოიტანა 2 ხმით 1-ის წინააღმდეგ.

კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპმა არასათანადოდ გამოიყენა 1974 წლის სავაჭრო აქტის 122-ე მუხლი, რომელიც პრეზიდენტს უფლებამოსილებას ანიჭებს, დააწესოს ტარიფები 150 დღემდე ვადით, რათა აღმოფხვრას „მასშტაბური და სერიოზული“ საგადასახადო ბალანსის დეფიციტი და თავიდან აირიდოს აშშ დოლარის გაუფასურება საერთაშორისო ბაზრებზე.

ტრამპის ადმინისტრაცია, დიდი ალბათობით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. თუმცა მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციას ტარიფების დაწესების შესაძლებლობა შეეზღუდა.

10%-იანი გლობალური ტარიფები დონალდ ტრამპმა სწორედ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ დააწესა. მოსამართლეებმა გადაწყვეტილება 6-3 ხმით მიიღეს. ამით სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტრამპმა 1977 წლის კანონის – საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების აქტი (IEEPA) – გამოყენებით უფლებამოსილებას გადაამეტა.

ცნობისთვის, IEEPA პრეზიდენტებს უფლებამოსილებას ანიჭებს, დააწესონ ეკონომიკური სანქციები ეროვნული საგანგებო სიტუაციების დროს, თუმცა არ აკონკრეტებს, რომ ეს უფლებამოსილება ტარიფების დაწესებას მოიცავს. ამიტომ უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ის არ შეიძლება გავრცელდეს ტარიფებზე. მოსამართლეთა მცირე ჯგუფმა განაცხადა, რომ ტრამპმა ტარიფების დასაწესებლად კანონი  „პრეზიდენტის „ლეგიტიმური ქმედების“ მიღმა“ გამოიყენა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.