ფოტო: AFP
სემ ალტმანის ქონების შეფასებამ $4 მილიარდს გადააჭარბა მას შემდეგ, რაც ილონ მასკსა და OpenAI-ს შორის მიმდინარე სასამართლო პროცესზე მისი აქამდე უცნობი ინვესტიციების შესახებ დეტალები გასაჯაროვდა.
სასამართლო პროცესის ფარგლებში, მასკის ადვოკატმა სტივენ მოლომ სემ ალტმანს იმ კომპანიების შესახებ ჰკითხა, რომლებშიც მას პირადი წილი აქვს და რომლებიც ამავე დროს OpenAI-სთან თანამშრომლობენ. მათ შორის კი არის: Helion Energy, Cerebras-ი, Reddit-ი და Stripe-ი.
ალტმანის განცხადებით, იმ კომპანიებში, რომლებიც OpenAI-სთან საქმიან ურთიერთობაში არიან, მისი პირადი ინვესტიციების საერთო ღირებულება $2 მილიარდს აღემატება. ყველაზე მსხვილი წილი მას ენერგკომპანია Helion Energy-ში აქვს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით $1.65 მილიარდად შეფასდა. ალტმანის თქმით, კომპანიაში ინვესტიცია პირველად დაახლოებით 2015 წელს განახორციელა.
სასამართლოზე ასევე გაირკვა, რომ OpenAI-მ და Helion Energy-მ პოტენციური სამომავლო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას 2022 წლის ბოლოს მოაწერეს ხელი.
მასკის იურისტებმა ყურადღება გაამახვილეს ალტმანის ინვესტიციებზე AI-ჩიპების მწარმოებელ Cerebras-შიც. პროცესზე ითქვა, რომ 2017 წელს OpenAI-სა და Cerebras-ს შორის შესაძლო შერწყმის განხილვის დროს ილონ მასკმა ალტმანის ინვესტიციის შესახებ არ იცოდა.
Forbes-ის შეფასებით, ახლად გამჟღავნებული აქტივების გათვალისწინებით, სემ ალტმანის ქონება $4 მილიარდს აჭარბებს. სასამართლო პროცესზე კიდევ ორი ახალი მილიარდერიც გამოიკვეთა: OpenAI-ის პრეზიდენტი გრეგ ბროკმანი, რომელსაც, საკუთარი ჩვენების მიხედვით, კომპანიაში თითქმის $30 მილიარდის წილი აქვს, და OpenAI-ის თანადამფუძნებელი ილია სუცკევერი, რომლის წილიც დაახლოებით $7 მილიარდად შეფასდა.
სასამართლო პროცესზე მასკის მხარე ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ალტმანის მოტივაცია მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო განვითარება არ არის და მასზე გავლენას ძალაუფლებისა და ფინანსური ინტერესებიც ახდენს. პროცესის ფარგლებში გაჟღერდა 2017 წელს ილია სუცკევერის მიერ ალტმანისთვის გაგზავნილი წერილიც, სადაც ის კითხულობდა, რატომ იყო მისთვის CEO-ს პოზიცია ასეთი მნიშვნელოვანი და იყო თუ არა AGI-ის განვითარება მისი მთავარი მოტივაცია.
სემ ალტმანმა ჩვენება სამშაბათს, კალიფორნიის შტატის ქალაქ ოკლენდში მიმდინარე სასამართლო პროცესზე მისცა. საქმე შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს OpenAI-ის მომავლისთვის, განსაკუთრებით კომპანიის მიერ დაგეგმილი IPO-ს წინ. ილონ მასკი სასამართლოსგან OpenAI-ის არაკომერციულ სტატუსზე დაბრუნებას, ალტმანისა და ბროკმანის დირექტორთა საბჭოდან ჩამოშორებას და $130 მილიარდზე მეტის აქტივის არაკომერციულ სტრუქტურაში დაბრუნებას ითხოვს.










