ფოტო: Benjamin Fanjoy/Getty Images
ილონ მასკი OpenAI-ის წინააღმდეგ სასამართლო დავაში დამარცხდა, თუმცა მისი ადვოკატის განცხადებით, საქმე ამით არ დასრულებულა და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
სასამართლომ დაადგინა, რომ მასკმა სარჩელი ძალიან გვიან შეიტანა. ნაფიცმა მსაჯულებმა რამდენიმე საათის განმავლობაში განხილვის შემდეგ დაასკვნეს, რომ მისი პრეტენზიები კანონით განსაზღვრულ სამწლიან ვადას სცდებოდა, რის გამოც OpenAI-ისა და მისი ხელმძღვანელის, სემ ალტმანის მიმართ წარდგენილი ბრალდებები არ დაკმაყოფილდა.
ილონ მასკმა OpenAI-სა და ალტმანს 2024 წელს უჩივლა. მისი მტკიცებით, ამ უკანასკნელმა დაარღვია თავდაპირველი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც OpenAI არაკომერციულ ორგანიზაციად უნდა დარჩენილიყო და ხელოვნური ინტელექტი „საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის“ განევითარებინა. სარჩელში საუბარი იყო უსამართლო გამდიდრებასა და საქველმოქმედო ნდობის დარღვევაზეც.
საქმეს მოსამართლე ივონ გონსალეს-როჯერსი ხელმძღვანელობდა, რომელმაც ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და აღნიშნა, რომ „არსებობს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები“, რომლებიც ვადის გასვლის შესახებ გადაწყვეტილებას ამყარებს.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ მასკის ადვოკატმა, მარკ ტობეროფმა, ჟურნალისტებთან მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა – „აპელაცია“. მოგვიანებით გამართულ პრესკონფერენციაზე მან ამერიკის რევოლუციური ომის მაგალითიც მოიყვანა და განაცხადა, რომ „ეს ომი დასრულებული არ არის“.
შეგახსენებთ, მაღალი ინტერესის მქონე სასამართლო პროცესი სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროცესზე ჩვენება მისცეს როგორც მასკმა, ისე ალტმანმა. მასკი სასამართლოსგან $150 მილიარდის ოდენობის კომპენსაციას ითხოვდა და ასევე სურდა, რომ ალტმანი და OpenAI-ის თანადამფუძნებელი გრეგ ბროკმანი კომპანიის ხელმძღვანელი პოზიციებიდან ჩამოეშორებინათ.








