Microsoft-ი AI-ჩიპების მიწოდებაზე Anthropic-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს

Microsoft-ი AI-ჩიპების მიწოდებაზე Anthropic-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ფოტო: Getty Images

 

CNBC-ის ინფორმაციით, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Microsoft-ი საკუთარი წარმოების AI-ჩიპების მიწოდებაზე ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Anthropic-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, Anthropic-ი ტექკომპანიის Maia 200-ის ტიპის პროცესორებზე მიიღებს წვდომას.

შეთანხმება მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება Microsoft-ისთვის, რომელიც კლიენტებისთვის სპეციალური დანიშნულების AI-ჩიპების მიწოდებით, თავის cloud-კონკურენტებს – Amazon-სა და Google-ს – ამ დრომდე ჩამორჩება.

Maia-ს ტიპის ხელოვნური ინტელექტის ჩიპების მეორე თაობის გამოშვება Microsoft-მა ჯერ კიდევ იანვარში დააანონსა. თუმცა ის Azure-ის cloud-პლატფორმაზე მომხმარებლებისთვის ხელმისწვდომი კვლავ არაა. კომპანიის ინფორმაციით, Maia 200-ის პროცესორზე OpenAI-ის GPT-5.2 მოდელი იმუშავებს.

ნოემბერში Microsoft-მა Anthropic-ში $5 მილიარდის ინვესტიციაც დააანონსა. თავის მხივ კი, Anthropic-მა Azure-ის პლატფორმაზე $30 მილიარდის დახარჯვის ვალდებულება აიღო. აღსანიშნავია, რომ Anthropic-ი ასევე აქტიურად იყენებს Amazon-ისა და Google-ის cloud-სერვისებს.

ცნობისთვის, 2026 წლის თებერვლის დაფინანსების რაუნდში, Anthropic-მა 30 მილიარდი დოლარი მოიზიდა, რითაც Claude-ის ჩატბოტების სერიის შემქმნელის შეფასება 380 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ეს სტარტაპისა და, ზოგადად, ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის მიმართ ინვესტორების მზარდ ინტერესს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.