ფოტო: White House/X
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღის მისალოცი წერილი გაუგზავნა.
„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო!
ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს.
ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის. შეერთებული შტატები კვლავაც განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს მდგრადი უსაფრთხოების, თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში,“ – ვკითხულობთ აშშ-ის პრეზიდენტის წერილში.
მანამდე ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა მარკო რუბიომაც, რომელიც ცოტა ხნის წინ, მეუღლესთან ერთად, სომხეთს ეწვია.
„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს.
ეს წელი ახალ შესაძლებლობებს ქმნის ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების გასაძლიერებლად და ორი ერის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის კუთხით.
ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, როდესაც ისინი მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან. შეერთებული შტატები ერთგულია პარტნიორობის, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ,“ – წერია მარკო რუბიოს განცხადებაში.














