ფოტო: Gustavo Valiente/Xinhua/Getty Images
ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბების 2026 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემის შეფასებით, სიის სათავეში კვლავ „მადრიდის რეალია“. აღსანიშნავია, რომ ესპანური გრანდის ღირებულება $9.5 მილიარდს აღწევს, რაც მეორე ადგილზე მყოფი „ბარსელონას“ შეფასებას თითქმის $2 მილიარდით აღემატება.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორ სეზონში „მადრიდის რეალმა“ ვერც „ლა-ლიგა“ მოიგო და ვერც UEFA-ს „ჩემპიონთა ლიგის“ ნახევარფინალში გავიდა, კლუბის ფინანსური მაჩვენებლები რეკორდულ ნიშნულზეა. 2024-25 წლების სეზონში მისმა შემოსავალმა $1.27 მილიარდი შეადგინა, რაც წინა სეზონთან შედარებით 12%-ით მეტია. Forbes-ის შეფასებით, ეს სპორტული გუნდისთვის ისტორიაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი შემოსავალია. ამ მაჩვენებლით მადრიდულმა კლუბმა „დალას კოვბოიზსაც“ გადაასწრო, რომლის შემოსავალმაც 2024 წლის სეზონში $1.23 მილიარდი შეადგინა.
Forbes-ის 2026 წლის რეიტინგში მესამე ადგილზე „მანჩესტერ იუნაიტედია“. აღსანიშნავია, რომ ყველაზე ძვირადღირებულ კლუბებს შორის დომინანტი კვლავ ინგლისური „პრემიერ-ლიგაა“. ტოპ-30-ში 11 ინგლისური კლუბი მოხვდა. შედარებისთვის, რეიტინგში „ლა-ლიგას“ მხოლოდ სამი წარმომადგენელი ჰყავს.
რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოს 30 ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბის საშუალო ღირებულება $2.9 მილიარდს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 21%-ით მეტია.
Forbes-ი აღნიშნავს, რომ ევროპული ფეხბურთის მიმართ ამერიკელი ინვესტორების ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიმდინარე სეზონში „პრემიერ-ლიგის“ კლუბების ნახევარზე მეტი ამერიკელი მფლობელების ან აშშ-ში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების კონტროლის ქვეშ იყო.
ამავე დროს, ამერიკელი და კანადელი ინვესტორები აქტიურად ყიდულობენ კლუბებს „სერია A“-შიც. იტალიის ჩემპიონატის 20 გუნდიდან ცხრა უკვე ჩრდილოამერიკელი ინვესტორების საკუთრებაშია.
ინვესტორთა ინტერესს რამდენიმე ფაქტორი ზრდის. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საფეხბურთო კლუბების შედარებით დაბალი შეფასებებია ამერიკულ სპორტულ ლიგებთან შედარებით. მაგალითად, Forbes-ის მიხედვით, ევროპული კლუბების საშუალო შეფასება შემოსავლის დაახლოებით 5.6-ჯერ ოდენობით განისაზღვრება, მაშინ როცა NBA-ში ეს მაჩვენებელი 12.9, NFL-ში – 10.7, ხოლო MLS-ში – 8.9-ა.
Forbes-ი ასევე წერს, რომ ევროპული ფეხბურთი ინვესტორებისთვის გარკვეულ რისკებსაც შეიცავს. მათ შორისაა დაწინაურება-დაქვეითების სისტემა, რის გამოც გუნდები ლიგიდან გავარდნის შემთხვევაში ათეულობით მილიონ დოლარს კარგავენ. მაგალითად, „ტოტენჰემ ჰოტსპური“ მიმდინარე სეზონში ლიგიდან გავარდნას მხოლოდ ბოლო ეტაპზე გადაურჩა.
დამატებით გამოწვევად სახელდება მოთამაშეთა მაღალი ხელფასები და ის ფაქტი, რომ ევროპულ ფეხბურთში ამერიკული სპორტისგან განსხვავებით ხელფასების ზედა ზღვარი არ არსებობს.
მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კლუბების შეფასება მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად განიხილება ახალი და განახლებული სტადიონები, ასევე UEFA-ს „ჩემპიონთა ლიგის“ სატელევიზიო უფლებების გაძვირება.
ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უკვე მუშაობენ „ბარსელონა“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „რომა“, ხოლო „მილანი“ და „ინტერი“ ახალი სტადიონის აშენებას ერთობლივად გეგმავენ.
მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბი
#1. $9.5 მილიარდი
Real Madrid
ლიგა: ესპანეთის „ლა-ლიგა“ | ერთწლიანი ცვლილება: +41% | შემოსავალი: $1.265 მილიარდი | მფლობელები: კლუბის წევრები

#2. $7.5 მილიარდი
Barcelona
ლიგა: ესპანეთის „ლა-ლიგა“ | ერთწლიანი ცვლილება: +33% | შემოსავალი: $1.063 მილიარდი | მფლობელები: კლუბის წევრები

#3. $7.2 მილიარდი
Manchester United
ლიგა: ინგლისის „პრემიერ-ლიგა“ | ერთწლიანი ცვლილება: +9% | შემოსავალი: $865 მილიონი | მფლობელები: გლეიზერების ოჯახი, ჯიმ რეტკლიფი

#4. $6.2 მილიარდი
Liverpool
ლიგა: ინგლისის „პრემიერ-ლიგა“ | ერთწლიანი ცვლილება: +15% | შემოსავალი: $911 მილიონი | მფლობელები: ჯონ ჰენრი, ტომ ვერნერი
#5. $5.8 მილიარდი
Paris Saint-Germain
ლიგა: საფრანგეთის „ლიგა 1“ | ერთწლიანი ცვლილება: +26% | შემოსავალი: $912 მილიონი | მფლობელი: Qatar Sports Investments

#6. $5.7 მილიარდი
Bayern Munich
ლიგა: გერმანიის „ბუნდესლიგა“ | ერთწლიანი ცვლილება: +12% | შემოსავალი: $938 მილიონი | მფლობელები: კლუბის წევრები
#7. $5.5 მილიარდი
Manchester City
ლიგა: ინგლისის „პრემიერ-ლიგა“ | ერთწლიანი ცვლილება: +4% | შემოსავალი: $900 მილიონი | მფლობელი: შეიხი მანსურ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი
#8. $5.4 მილიარდი
Arsenal
ლიგა: ინგლისის „პრემიერ-ლიგა“ | ერთწლიანი ცვლილება: +59% | შემოსავალი: $895 მილიონი | მფლობელი: სტენლი კრენკე
#9. $4.2 მილიარდი
Chelsea
ლიგა: ინგლისის „პრემიერ-ლიგა“ | ერთწლიანი ცვლილება: +29% | შემოსავალი: $637 მილიონი | მფლობელები: ტოდ ბოელი, Clearlake Capital

#10. $3 მილიარდი
Tottenham Hotspur
ლიგა: ინგლისის „პრემიერ-ლიგა“ | ერთწლიანი ცვლილება: -9% | შემოსავალი: $733 მილიონი | მფლობელები: ჯოზეფ ლუისის ოჯახის ტრასტი, დენიელ ლევი










