ფოტო: Nikol Pashinyan Facebook Page
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში მისი პროევროპული პატია „სამოქალაქო შეთანხმების“ გამარჯვება გამოაცხადა. უახლესი მონაცემების მიხედვით, მან ხმების 49.81% მიიღო.
ფაშინიანის მთავარი ოპონენტის, სამველ კარაპეტიანის პრორუსული „ძლიერი სომხეთის“ ბლოკი, უახლესი მონაცემებით, 23.29%-ით მეორე ადგილზე გავიდა. მესამე პოზიციაზე 9.94%-ით „სომხეთია“, მეოთხეზე კი – 4%-ით, „აყვავებული სომხეთი“. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, 105-წევრიანი ეროვნული კრება, აღნიშნული ოთხი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია საბოლოო შედეგებს დღეს, 8 ივნისს გამოაცხადებს.
„სომხეთის მომავალი იქნება დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერების სტრატეგია“, – განუცხადა ფაშინიანმა ჟურნალისტებს კვირა დილით, საარჩევნო უბნის გარეთ, ხმის მიცემის შემდეგ. „ჩვენ გავაგრძელებთ დემოკრატიული რეფორმების გზას, რა თქმა უნდა, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით, რადგან ევროკავშირი ჩვენი მთავარი პარტნიორია დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში“.
სახელმწიფო მედიამ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მისი ცნობით, სომხეთის ხელისუფლებამ შაბათს გამოაცხადა, რომ 40-ზე მეტი ადამიანი დააკავეს ხმების მოსყიდვის ბრალდებით, სავარაუდოდ, „ძლიერი სომხეთის“ მონაწილეობით მასშტაბური სქემის გამოძიების ფარგლებში. მედიის ინფორმაციით, დაპატიმრების ორდერებიდან ექვსი სამველ კარაპეტიანის პარტიის წევრებზე იყო გაცემული.
კვირას დაპატიმრებებზე კომენტარი გააკეთა კარაპეტიანმა და თქვა, რომ რომ ეს ყველაფერი „სომეხ ამომრჩეველს აზრს არ შეუცვლის“. „ძლიერი სომხეთის“ დამფუძნებელი გასული წლის ივლისიდან „ძალაუფლების ხელში აღებისთვის საჯარო მოწოდებების“ ბრალდებით შინაპატიმრობაში იმყოფება. ის საარჩევნო კამპანიასაც საკუთარი სასახლიდან აწარმოებდა. კარაპეტიანს მის მიმართ წარდგენილი ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულად მიაჩნია.
კარაპეტიანი კვირას საარჩევნო უბანზე სამართალდამცველების თანხლებით მივიდა, სადაც მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა და შემდეგ საკუთარ სახლში დაბრუნდა. როგორც Associated Press-ი წერს, მან განაცხადა: „სომეხი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს და სომხეთს საბოლოოდ ეყოლება ლეგიტიმური ხელისუფლება.“
Reuters-ის ინფორმაციით, მაისში გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთი ქვეყანაში მცხოვრები ათიათასობით სომხის არჩევნებზე ჩაყვანას განიხილავდა, რათა პრემიერ-მინისტრის პოზიციები შეესუსტებინა.
ნიკოლ ფაშინიანი, რომელმაც მაისში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერა მოიპოვა, 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ საგარეო პოლიტიკაში დასავლეთისკენ გადაიხარა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი კვლავ რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთო ეკონომიკურ სივრცეში რჩება, მოსკოვის მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შემცირდა მას შემდეგ, რაც 2023 წელს აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე კონტროლი აღადგინა, ხოლო რუსულმა სამხედრო ძალებმა პროცესში მნიშვნელოვანი როლი ვერ შეასრულეს.
ფაშინიანმა მაშინ POLITICO-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „რუსმა სამშვიდობოებმა საკუთარი მისია ვერ შეასრულეს“, რის შემდეგაც მან ევროკავშირსა და აშშ-სთან დაახლოების კურსი აირჩია. 2024 წელს ერევანმა რუსეთთან სამხედრო ალიანსში მონაწილეობა შეაჩერა, ხოლო ფაშინიანის მთავრობამ არაერთხელ დააფიქსირა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი, რამაც კრემლის უკმაყოფილება გამოიწვია.
არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ფაშინიანს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიულოცა. „2018 წლის ხავერდოვანი რევოლუციის სული, რომელსაც თქვენ ჩაუდექით სათავეში, კვლავ ცოცხალია,“ – დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ზე. მისი თქმით, ევროკავშირი განსაკუთრებულად აფასებს პარტნიორობას დემოკრატიულ სომხეთთან, რომელიც სულ უფრო მეტად უახლოვდება ევროპას. „სომხეთს შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს,“ – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
















