Wizz Air-მა მასკის Starlink-თან სატელიტური ინტერნეტის თაობაზე ხელშეკრულება გააფორმა

Wizz Air-მა მასკის Starlink-თან სატელიტური ინტერნეტის თაობაზე ხელშეკრულება გააფორმა

ფოტო: AP 

 

უნგრულმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ილონ მასკის Starlink-თან სატელიტური ინტერნეტის დანერგვაზე ხელშეკრულება გააფორმა. შეთანხმების პირობებით, Wizz Air-ის სრულ ფლოტში Starlink-ის სერვისი ხელმისაწვდომი 2027 წლიდან იქნება, რითაც უნგრული კომპანია იმ ევროპული ავიაკომპანიების რიცხვს შეუერთდება, რომელთაც მასკის ტექნოლოგია უკვე აითვისეს.

Wizz Air-სა და Starlink-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფინანსური მხარე ამ ეტაპზე არ გასაჯაროებულა. ასევე უცნობია, ინტერნეტსერვისით სარგებლობა მგზავრებს უფასოდ შეეძლებათ თუ დამატებითი თანხის გადახდა მოუწევთ. „ულტრადაბალბიუჯეტიანი მგზავრობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ის რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი. 2027 წელს კი ამ ფილოსოფიას კოსმოსურ ეპოქაში გადავიყვანთ“, – განაცხადა Wizz Air-ის კომერციულმა დირექტორმა იან მალინმა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს თავის ფლოტში Starlink-ის ინტერნეტსერვისის დანერგვას გეგმავს გერმანული Lufthansa Group-ის შვილობილი ბიუჯეტური ავიაკომპანია Eurowings-იც. ზოგადად, ევროპის მასშტაბით პირველი, ვინც მგზავრებს 2025 წლის თებერვალში ეს სერვისი შესთავაზა, ლატვიური airBaltic-ი იყო. მოგვიანებით მას შეუერთდნენ Air France-ი, SAS-ი და British Airways-ი. აზიაში კი სამხრეთკორეულმა Hanjin Group-მა (რომელშიც შედის Korean Air-ი, Asiana Airlines-ი და სამი ბიუჯეტური ავიაგადამყვანი) Starlink-თან ხელშეკრულება 2025 წლის დეკემბერში გააფორმა და სერვისის გაშვებას უკვე 2026 წლის მესამე კვარტალიდან გეგმავს.

Wizz Air-ი ფაქტობრივად პირველია ევროპულ ბიუჯეტურ ავიაკომპანიებს შორის, რომელიც თავის ფლოტში Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის შეთავაზებას დაიწყებს. სხვა ავიაგადამყვანები, როგორებიც Ryanair-ი და EasyJet-ი არიან, ამ ეტაპზე, ძირითადად სერვისის დანერგვასთან დაკავშირებული მაღალი ხარჯების გამო, თავს იკავებენ.

Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ ო’ლირის თქმით, ამჟამად მათ ფლოტში Starlink-ის სერვისის დანერგვა გამორიცხულია. მისივე განმარტებით, მიზეზი ინსტალაციის მაღალი ხარჯები, თვითმფრინავის დამძიმების გამო საწვავის დამატებითი ხარჯი და მათი ფრენების ხანმოკლე ხანგრძლივობაა. Starlink-თან მოლაპარაკებებს აწარმოებდა EasyJet-იც, თუმცა, მათი თქმით, ფინანსური თვალსაზრისით ეს პროექტი მათთვის ჯერჯერობით წაგებიანია.