საერთაშორისო ფონდ Curatio-ს პრეზიდენტის გიორგი გოცაძის აზრით, ქვეყანამ ყველაზე დიდი ენერგია ეკონომიკური ხედვის ჩამოყალიბებაზე უნდა მიმართოს. ამის შესახებ გოცაძემ Forbes Talks-ში გიორგი ისაკაძის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებს შეეხებოდა.
“მე მგონია, რომ ქვეყანამ და საზოგადოებამ ყველაზე დიდი ენერგია და შრომა სწორედ ეკონომიკური ხედვის ჩამოყალიბებაზე და ახალი შესაძლებლობების ძიებაში უნდა ჩადოს. ახალი შესაძლებლობები არის საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივით და არის კიდევ მოკლევადიანი პერსპექტივით, რომელიც ხვალინდელ დღეს ეხება. ამ საკითხების სერიოზულ მოგვარებაზე უნდა მიდიოდეს მსჯელობა და კეთდებოდეს პროგნოზები თუ სად იქნება ქვეყნის ეკონომიკა და როგორ დავხვდებით თუ ეპიდემიის მეორე ტალღა იქნება. ამიტომ მგონია, რომ ერთი ყველაზე დიდი რესურსი აქ უნდა დაიხარჯოს“, – ამბობს გიორგი გოცაძე.
გარდა ამისა, Curatio-ს პრეზიდენტის რეკომენდაციაა, ჯანდაცვის სისტემის მეტად გაძლიერება, რადგან ეპიდემიის მეორე ტალღა გამორიცხული არაა.
“უნდა მოვემზადოთ ცოტა უფრო დიდი მოცულობებით და ცოტა უფრო წყნარად და მშვიდად… რადგან ეს ჯერ კიდევ ვარაუდია, მაგრამ არის გარკვეული ფაქტობრივი მონაცემები, რომ ეპიდემია იმ ქვეყნებმაც კი, სადაც ეს ძალიან ფართოდ იყო გავრცელებული, იქაც კი არ აჭარბებს 21%-ს, რომელიც შორის არის იმ იმუნიტეტისგან, რაც სჭირდება, რომ ეპიდემიამ უფრო წყნარად იაროს. ამდენად, ვფიქრობ, ჩვენ ახლა უნდა გამოვიყენოთ დრო, რომ შემოდგომისთვის ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მზად იყოს“, – აღნიშნა გოცაძემ.
ფოტო “საზოგადოებრივი მაუწყებელი”