ფოტო: Getty Images
თეთრი სახლის ეზოში ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილესთან დაკავშირებით UFC-ის ღონისძიება – UFC Freedom 250 გაიმართა. მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია და ამერიკელი ჯასტინ გეიჯი დაუპირისპირდნენ. მძიმე დაზიანებების გამო ქართველმა ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო და კარიერაში პირველი მარცხი იწვნია, ქამარი კი გეიჯის დაუთმო.
ჯასტინ გეიჯიმ ილიას მძიმე დარტყმები პირველივე რაუნდში მიაყენა, რის შედეგადაც ქართველ მებრძოლს მარჯვენა თვალი დაუზიანდა. რაუნდის მეორე ნაწილში უკვე ილია გააქტიურდა და გეიჯის რამდენიმე ძლიერი დარტყმა მიაღებინა. რაუნდის მიწურულს ამერიკელი ნოკაუტით წაგებასაც გადაურჩა.
ილიამ მეორე რაუნდი აქტიურად დაიწყო, გეიჯის პარტერში გადაყვანა და მისი მტკივნეულზე დაჭერაც სცადა, თუმცა ამერიკელმა თავის დაღწევა შეძლო.
მესამე რაუნდი უკვე ჯასტინ გეიჯის დომინაციით წარიმართა. ახლა უკვე ამერიკელმა გაუშვა თოფურია ნოკდაუნში და მისი მტკივნეულზე დაჭერა სცადა, თუმცა უშედეგოდ. მიღებული მძიმე დარტყმების გამო, ილიას უკვე ორივე თვალზე აღენიშნებოდა დაზიანებები, რის გამოც ექიმს ბრძოლის გაჩერება სურდა. თოფურიამ განაცხადა, რომ მზად იყო მეოთხე რაუნდშიც ეჩხუბა.
მეოთხე რაუნდი კი ილიასთვის საკმაოდ ცუდად დაიწყო – მას ამერიკელმა თეიქდაუნი შეუსრულა. თოფურიას მცდელობის მიუხედავად, ბრძოლა კვლავ გეიჯის დომინაციით გაგრძელდა. საბოლოოდ, მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ, ილიას კუთხემ ბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვა და ქართველმა მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი დათმო.
აღსანიშნავია, რომ აქამდე ილია თოფურიას კარიერის განმავლობაში 17 ბრძოლა ჰქონდა მოგებული. 2024 წლის 18 თებერვალს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ, ილია UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა. 2025 წლის 28 ივნისს კი ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარიც მოიპოვა. თოფურია პირველი მებრძოლია ისტორიაში, რომელიც UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ისე გახდა, რომ ერთხელაც არ დამარცხებულა.










