SK Hynix-მა Samsung-ს გადაუსწრო და სამხრეთ კორეის ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა

SK Hynix-მა Samsung-ს გადაუსწრო და სამხრეთ კორეის ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა

ფოტო: Reuters

 

ჩიპების მწარმოებელმა სამხრეთკორეულმა SK Hynix-მა ქვეყნის უმსხვილესი საჯარო კომპანიის სტატუსი მოიპოვა მას შემდეგ, რაც საბაზრო კაპიტალიზაციით Samsung Electronics-ს გადაასწრო.

სავაჭრო დღის დასრულებისას SK Hynix-ის საბაზრო ღირებულებამ 2,080.4 ტრილიონი ვონი (დაახლოებით 1.35 ტრილიონი დოლარი) შეადგინა. კომპანიის აქციების ფასი კი ერთ დღეში 5.6%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში Samsung Electronics-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 2,066.7 ტრილიონ ვონამდე შემცირდა, რადგან მისი აქციების ფასი 0.14%-ით დაეცა.

თავის მხრივ, Samsung-მა აღნიშნა, რომ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის შეფასებისას პრივილეგირებული აქციებიც უნდა იყოს გათვალისწინებული. მათი ჩათვლით კი Samsung-ის ღირებულება 2,246.4 ტრილიონ ვონს აღწევს.

SK Hynix-ის აღმასვლა ხელოვნური ინტელექტის ბუმს უკავშირდება. კომპანია მაღალი გამტარუნარიანობის მქონე მეხსიერების (HBM – High-Bandwidth Memory) ჩიპების წამყვანი მომწოდებელია, რომლებიც AI-სისტემებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტად მიიჩნევა.

HBM-ჩიპებს იყენებენ ისეთი ტექნოლოგიური გიგანტები, როგორებიც არიან Nvidia და Google-ი. სწორედ AI-ინფრასტრუქტურაზე გაზრდილმა მოთხოვნამ აქცია SK Hynix-ი ხელოვნური ინტელექტის ეპოქის ერთ-ერთ მთავარ გამარჯვებულად.

კომპანიის აქციები მიმდინარე წელს 340%-ზე მეტით არის გაძვირებული. შედეგად, SK Hynix-ი დღეს არა მხოლოდ Samsung-ს, არამედ ამერიკულ Micron Technology-საც უსწრებს და მსოფლიოში მეხსიერების ჩიპების ყველაზე ძვირადღირებულ მწარმოებლად მიიჩნევა.

მოცემული დროისთვის ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების სიაში, $5.10 ტრილიონით, ამერიკული NVIDIA ლიდერობს. მას მოსდევს Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ი, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $4.48 ტრილიონს აღემატება. სამეულს კი კიდევ ერთი ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Apple-ი ასრულებს თითქმის $4.38-ტრილიონიანი ღირებულებით.