სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ინტერნეტ-ტრანზიტის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ინტერნეტ-ტრანზიტის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

ფოტო: presswire.com

 

ტელეკომუნიკაციების აზერბაიჯანულ კომპანია Azertelecom-სა და სომხეთის Telecom Armenia-ს შორის ინტერნეტ-ტრანზიტის ერთობლივ პროექტზე შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდა. მეზობელი ქვეყნების წამყვან კომპანიებს შორის მიღწეული შეთანხმება რეგიონული საკომუნიკაციო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის განვითარებისკენაა მიმართული.

შეთანხმების პირობებით, აზერბაიჯანი თავისი ძირითადი ტერიტორიიდან ექსკლავ ნახიჩევანამდე ინტერნეტის ტრანზიტისთვის სომხეთის ტერიტორიას გამოიყენებს. როგორც Telecom Armenia-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ, არამ ბარსეღიანმა, „რადიო თავისუფლებასთან“ განაცხადა, აზერბაიჯანულ მხარეს მხოლოდ 100 გიგაბიტი/წამში გამტარუნარიანობის საკაბელო მაგისტრალზე ექნება წვდომა და არა მონაცემებზე. მისივე ინფორმაციით, აზერბაიჯანი მხოლოდ სატრანზიტო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

კომპანიების მიერ გამოქვეყნებულ თითქმის იდენტური შინაარსის განცხადებებში აღნიშნულია, რომ Azertelecom-ი და Telecom Armenia, როგორც „რეგიონის წამყვანი ტრანზიტული ოპერატორები“, გეგმავენ გაზარდონ იმ ქვეყნების რაოდენობა, რომელთაც საერთაშორისო ინტერნეტ-ტრაფიკით უზრუნველყოფენ. ოფიციალურ განცხადებებში კომპანიებმა დაადასტურეს, რომ საკუთარ ინფრასტრუქტურას მეზობელ ქვეყანაში ინტერნეტ-ტრანზიტის განსახორციელებლად გამოიყენებენ.

როგორც Azertelecom-ი, ასევე Telecom Armenia აღნიშნავენ, რომ მსგავსი ტიპის შეთანხმებების მიზანი რეგიონში კავშირის მარშრუტების დივერსიფიკაცია, ტელეკომუნიკაციების ქსელების საიმედოობის გაუმჯობესება და ტელეკომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის განვითარებაა.

ცნობისთვის, AzerTelecom-ი, რომელიც რეგიონში ინტერნეტის წამყვანი მაგისტრალური პროვაიდერია, ე.წ. „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტზე აქტიურად მუშაობს. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ევროპასა და აზიას შორის ახალი ციფრული დერეფნის შექმნას ისახავს. პროექტის ფარგლებში კასპიის ზღვის ფსკერზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა იგეგმება, რომელიც მონაცემთა გლობალური გაცვლის შესაძლებლობებს გააუმჯობესებს.