ფოტო: Getty Images
ილონ მასკმა, რომელიც ცოტა ხნის წინ მსოფლიოში პირველ ტრილიონერი გახდა, აღნიშნული სტატუსი დაკარგა. ამერიკული Forbes-ის შეფასებით, ამჟამად მისი ქონება $962 მილიარდს შეადგენს.
მასკის სიმდიდრის ზრდა 12 მაისს SpaceX-ის საფონდო ბირჟაზე გასვლასთან იყო დაკავშირებული, რის შემდეგაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ქონება დაახლოებით 1.1 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა. 16 ივნისს SpaceX-ის აქციების ფასის მკვეთრი ზრდის ფონზე მისი ქონება დროებით 1.45 ტრილიონ დოლარსაც კი მიუახლოვდა.
თუმცა მოგვიანებით SpaceX-ის აქციების ღირებულება დაახლოებით 31%-ით დაეცა, რასაც დაემატა ახალი შეზღუდვები Tesla-ში მასკის დაახლოებით 116 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციებზე. შედეგად, მისი ქონება მნიშვნელოვნად შემცირდა.
ამავდროულად, ცნობილი გახდა, რომ მასკმა გასულ კვირას დათმო Tesla-ს დაახლოებით 7.1 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები, რათა 2018 წლის CEO-ის გეგმის შესრულებაზე დაფუძნებული ოფციონების გამოყენების ღირებულება დაფაროს.
ეს ოფციონები 2024 წელს დელავერის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა. თუმცა 2025 წელს დელავერის უზენაესმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა და ისინი აღადგინა.
ამის შემდეგ Tesla-მ და მასკმა აპრილში ახალი შეთანხმება გააფორმეს, რომლის მიხედვითაც ოფციონები შეზღუდულ აქციებად გადაიქცა და მასკი მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს, თუ 2028 წლის იანვრამდე Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე დარჩება ან მაღალი რანგის ხელმძღვანელად, რომელიც პროდუქტის განვითარებასა და ოპერაციებზეა პასუხისმგებელი.
















