MSCI-მა SpaceX-ი და რუსეთი თანაბარ პოზიციაზე განათავსა | კომპანიამ ყველაზე დაბალი ESG-შეფასება მიიღო

MSCI-მა SpaceX-ი და რუსეთი თანაბარ პოზიციაზე განათავსა | კომპანიამ ყველაზე დაბალი ESG-შეფასება მიიღო

ფოტო: Getty Images

 

საფონდო ბირჟის ინდექსების ერთ-ერთმა უმსხვილესმა პროვაიდერმა, MSCI-მა, ილონ მასკის კოსმოსურ კომპანიას, SpaceX-ს, გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) საკითხებთან დაკავშირებულ რეიტინგში ყველაზე დაბალი შესაძლო ქულა მიანიჭა. მასკის კოსმოსური კომპანიის ასეთი შეფასება განპირობებულია იმით, რომ SpaceX-მა ვერ შეძლო ემართა „კრიტიკული“ რისკები ამ თვის დასაწყისის ისტორიული IPO-ს შემდეგ.

MSCI-ის მიერ SpaceX-ისთვის მინიჭებული CCC-რეიტინგი პროვაიდერის შვიდდონიან მდგრადობის სკალაზე ყველაზე დაბალი საფეხურია. გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, SpaceX-ის შეფასებისას სააგენტომ აღნიშნა, რომ ილონ მასკის კომპანია გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი რისკების მართვის კუთხით „თავის ინდუსტრიას ჩამორჩა“.

MSCI-ის განმარტებით, CCC-რეიტინგი ენიჭებათ კომპანიებს, რომლებსაც აქვთ მართვის „ძალიან სუსტი ზომები“ და რომლებიც უახლოეს წარსულში — ან მიმდინარედ — იყვნენ ჩართულნი „მნიშვნელოვან“ ESG-თან დაკავშირებულ სკანდალებში. საინტერესოა, რომ ამ შეფასებით, MSCI-მა მასკის კომპანია და რუსეთის ფედერაცია თანაბარ პოზიციაზე (ორივეს – CCC-რეიტინგი) განათავსა.

SpaceX-ის დაბალი ქულა რამდენიმე ძირითადი ფაქტორით იყო განპირობებული. პირველი: „სკანდალების“ 10-ბალიან სკალაზე SpaceX-მა მხოლოდ 1 ქულა მიიღო, შესაბამისად, მასკის კომპანიას „ნარინჯისფერი დროშა“ მიენიჭა. ეს ნიშნავს, რომ კომპანია პირდაპირ ან/და ირიბად ჩართულია ერთ ან რამდენიმე „მძიმე ხასიათის“ სკანდალში. მეორე გადამწყვეტი ფაქტორი კი კორპორაციული მმართველობა იყო. ამ კომპონენტში კომპანიამ 10-დან მხოლოდ 3.2 ქულა მიიღო.

ESG-ის ქულას მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი, სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა და ხუმრობით დაწერა, რომ „სამწუხაროდ, ელექტრორაკეტების შექმნა შეუძლებელია“. მიუხედავად იუმორისა, რეიტინგის გამოქვეყნებას ბაზარზე მყისიერი რეაქცია მოჰყვა — ორშაბათს დილისთვის SpaceX-ის აქციების ფასი 10%-ზე მეტით დაეცა, რითაც IPO-ს შემდგომი მკვეთრი ზრდის შემდეგ კლების სამდღიანი სერია გაგრძელდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ SpaceX-ის რეკორდული IPO-ს მიუხედავად, მასკის კომპანიის აქციების ფასი კლებას განაგრძობს. გუშინ, 24 ივნისს, SpaceX-ის აქციების ღირებულება IPO-ს საწყის ფასზე, 150 აშშ დოლარზე, დაბლა პირველად დაეცა. აღნიშნულმა გავლენა მასკის ქონებაზეც მოახდინა და მან ტრილიონერის სტატუსი დაკარგა. ამერიკული Forbes-ის შეფასებით, ამჟამად მისი ქონება 951 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.