ფოტო: Michael Nagle/Bloomberg
ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების 2026 წლის რეიტინგი – Global 2000 გამოაქვეყნა. რეიტინგი გაყიდვების, მოგების, აქტივებისა და საბაზრო ღირებულების მიხედვითაა შედგენილი და მათ შორის მოიცავს მსოფლიოს უმსხვილესი ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების შეფასებას. მონაცემთა ცენტრების დაფინანსების, სტარტაპების მხარდაჭერისა და კერძო კომპანიების საჯაროდ დალისტვის ტალღა ფინანსურ სექტორში გარიგებებისა და კაპიტალის მოზიდვის ზრდაში აისახა. შედეგად, მსოფლიოს უმსხვილესი საჯარო კომპანიების ყოველწლიურ რეიტინგში — Forbes Global 2000 — 450 ბანკი და საფინანსო ინსტიტუტი მოხვდა.
მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი მონაცემი მცირედით ჩამოუვარდება გასულ წელს (463 კომპანია), Forbes Global 2000-ის სიაში ფინანსური სექტორი კვლავ უმსხვილეს კატეგორიად რჩება, ხოლო ამერიკის უდიდესი ბანკი, JPMorgan-ი, საერთო რეიტინგის ლიდერია. მიმდინარე წლის სიაში მსოფლიოს 100 უდიდეს საჯარო კომპანიას შორის ფინანსურმა სექტორმა 32 პოზიცია დაიკავა — მათ შორის, Top-10 კომპანიიდან – 5 პოზიცია, რაც გასული წლის შედეგის იდენტურია.
გარიგებების რაოდენობისა და მოცულობის აღდგენა კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ინდუსტრიის უმსხვილესი მოთამაშეებისთვის, რომლებიც ანდერრაიტინგულ, საკონსულტაციო და სავაჭრო ოპერაციებზე მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულნი. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის განმავლობაში თითქმის 36%-ით გაიზარდა შერწყმასა და შესყიდვებზე გლობალური შეთანხმებების ღირებულება, ხოლო საინვესტიციო საკომისიოებმა $102.9 მილიარდი შეადგინა — ეს შედეგი მხოლოდ 2021 წლის რეკორდს, $132.3 მილიარდს, ჩამორჩება.
საბანკო და ფინანსური სექტორის გაძლიერების ყველაზე კარგი მაგალითი JPMorgan Chase-ია — ამერიკის უდიდესი ბანკი, რომელიც $4.9 ტრილიონად შეფასებულ აქტივებს ფლობს, ზედიზედ მე-17 წელია, მიღებული საკომისიოებით (2025 წელს $9.6 მილიარდი) მსოფლიოს წამყვან საინვესტიციო ბანკად რჩება. JPMorgan-ი ასევე იყო მთავარი ანდერრაიტერი AI-„ქლაუდ“ პროვაიდერის, CoreWeave-ის, $1.5-მილიარდიან IPO-ზე.
ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკი (ICBC), $8.1 ტრილიონის აქტივებით, კვლავ რჩება მსოფლიოს მეორე უდიდეს ბანკად, თუმცა საერთო Global 2000-ის რეიტინგში ის მესამედან მეექვსე პოზიციაზე ჩამოქვეითდა.
Bank of America ($3.4 ტრილიონის აქტივები) მეშვიდე ადგილზეა, მას მოსდევს China Construction Bank-ი ($6.8 ტრილიონი) — მე-9 ადგილზე და Agricultural Bank of China ($7.4 ტრილიონი) — მე-10 პოზიციაზე. Bank of China ($5.7 ტრილიონი) მყარად ინარჩუნებს მე-12 ადგილს, ხოლო HSBC Holdings-ი ($3.3 ტრილიონი) საერთო ჩამონათვალში ორი პოზიციით დაწინაურდა და მე-13 ადგილზე გავიდა, რითაც რჩება უმსხვილეს ბანკად აშშ-ისა და ჩინეთის ფარგლებს გარეთ.
საერთო ჯამში, საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების კატეგორიაში 94 წარმომადგენლით კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები დომინირებს, მას მოჰყვება ჩინეთი — 66-ით და იაპონია — 34-ით. ინდოეთს სიაში 18 კომპანია ჰყავს, ხოლო სამხრეთ კორეას — 17. საერთო ჯამში, Forbes Global 2000-ის სიაში 314 ბანკი და 136 დივერსიფიცირებული ფინანსური ფირმაა წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეას, რომელიც მსოფლიოში მოწინავე ჩიპების მწარმოებელი კომპანიების სამშობლოა, ტოპ–10 ყველაზე მზარდ კომპანიას შორის ოთხი წარმომადგენელი ჰყავს. ეს პირდაპირ კავშირშია 2025 წელს სამხრეთ კორეის საფონდო ბირჟის მიერ დაფიქსირებულ 95%-იან ამონაგებთან, რაც გასულ წელს საუკეთესო შედეგიც იყო. სამხრეთ კორეის უმსხვილესი ბანკების სათავეში SK Square-ია ($25 მილიარდის ღირებულების აქტივებით), აქვეა Mirae Asset Financial Group-ი ($111 მილიარდი), NH Investments & Securities-ი ($65 მილიარდი) და AOU Technology ($63 მილიარდი).
Forbes Global 2000-ის წლევანდელ სიაში, საბანკო და საფინანსო კატეგორიაში, რამდენიმე ახალწვეულიცაა. ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ახალწვეული – შვედური Industrivarden-ია ($22 მილიარდის აქტივები), რომელიც საერთო ჩამონათვალის 989-ე პოზიციაზე განთავსდა. ჰოლდინგის საკუთრებაშია წილები ჯამში რვა შვედურ კომპანიაში, რომელთა სათავეშიც Volvo და Sandvik-ი არიან. ამერიკულ ახალწვეულებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა Galaxy Digital-მა ($10 მილიარდის აქტივები), რომელიც 1,527-ე ადგილზეა.
მეთოდოლოგია: ამერიკულმა Forbes-მა Global 2000-ის სია FactSet Research-ის მონაცემებზე დაყრდნობით შეადგინა. რეიტინგი ეფუძნება კომპლექსურ ქულას, რომელიც გამოითვლება გაყიდვების, მოგების, აქტივებისა და საბაზრო ღირებულების კომბინაციით. საბაზრო კაპიტალიზაცია და ფინანსური შედეგები მოცემულია 2026 წლის 15 მაისის მდგომარეობით.
| რეიტინგი | დასახელება | სათავო ოფისი | ინდუსტრია | გაყიდვები | მოგება | აქტივები | საბაზრო ღირებულება |
|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | JPMorgan Chase | ნიუ-იორკი, აშშ | საბანკო საქმე | $284.79 მლრდ | $58.63 მლრდ | $4.9 ტრილიონი | $797.99 მლრდ |
| 6 | ICBC | პეკინი, ჩინეთი | საბანკო საქმე | $210.26 მლრდ | $51.27 მლრდ | $8.07 ტრილიონი | $313.62 მლრდ |
| 7 | Bank of America | შარლოტი, აშშ | საბანკო საქმე | $195 მლრდ | $31.82 მლრდ | $3.5 ტრილიონი | $353.2 მლრდ |
| 9 | China Construction Bank | პეკინი, ჩინეთი | საბანკო საქმე | $192.27 მლრდ | $48.16 მლრდ | $6.82 ტრილიონი | $293.34 მლრდ |
| 10 | Agricultural Bank of China | პეკინი, ჩინეთი | საბანკო საქმე | $196.08 მლრდ | $39.2 მლრდ | $7.39 ტრილიონი | $272.65 მლრდ |
| 12 | Bank of China | პეკინი, ჩინეთი | საბანკო საქმე | $173.78 მლრდ | $34.53 მლრდ | $5.73 ტრილიონი | $196.26 მლრდ |
| 13 | HSBC Holdings | ლონდონი, გაერთიანებული სამეფო | საბანკო საქმე | $133.58 მლრდ | $21.09 მლრდ | $3.31 ტრილიონი | $303.63 მლრდ |
| 18 | Citigroup | ნიუ-იორკი, აშშ | საბანკო საქმე | $173.86 მლრდ | $15.84 მლრდ | $2.78 ტრილიონი | $211.65 მლრდ |
| 20 | Wells Fargo | სან-ფრანცისკო, აშშ | საბანკო საქმე | $125.95 მლრდ | $21.7 მლრდ | $2.21 ტრილიონი | $224.68 მლრდ |
| 24 | Royal Bank of Canada | ტორონტო, კანადა | საბანკო საქმე | $97.82 მლრდ | $15.09 მლრდ | $1.73 ტრილიონი | $256.27 მლრდ |















