ამერიკულმა Forbes-მა 2026 წლისთვის ყველაზე მაღალშემოსავლიანი კრეატორების რეიტინგი გამოაქვეყნა. მიმდინარე წელს Forbes-ის „ტოპ-კრეატორების რეიტინგის“ ხუთწლიან ისტორიაში პირველად, 50 ყველაზე გავლენიანი ინფლუენსერის ერთობლივმა შემოსავალმა მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა და $1.02 მილიარდს მიაღწია. ეს მაჩვენებელი გასული წლის $853 მილიონთან შედარებით 20%-ით მეტია, ხოლო 2022 წლის რეიტინგში შემავალი პირების კოლექტიურ შემოსავალს 80%-ით აჭარბებს.
2026 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი კრეატორების სათავეში კვლავ „იუტუბერი“ ჯიმი დონალდსონია — ცნობილი, როგორც MrBeast-ი. MrBeast-ის სოციალურ არხებს საერთო ჯამში 640 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და ის წელიწადში 5 მილიარდზე მეტ ნახვას აგროვებს. დონალდსონის მიერ დაფუძნებული ჰოლდინგი Beast Industries-ი აკონტროლებს მედიას, კვების ბრენდებს (Feastables-ი, Lunchly), ანალიტიკურ პლატფორმას (Viewstats-ი), ასევე ლიცენზირებული სათამაშოებისა და ტანსაცმლის ბიზნესს. კომპანიის სავარაუდო საბაზრო ღირებულება $5 მილიარდს შეადგენს. დამატებით, MrBeast-მა Amazon Prime-ზე თავისი პროექტის, Beast Games-ის, მეორე სეზონი წარადგინა, ხოლო მესამე სეზონი წარმოების პროცესშია.
ყველაზე მაღალშემოსავლიანი კრეატორების 2026 წლის რეიტინგში მეორე პოზიციას სასცენო კონტენტის შემქმნელი დარ მანი იკავებს. მაშინ, როდესაც აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს მიხედვით, ლოს-ანჯელესის კინოინდუსტრიაში დასაქმებულთა რაოდენობა ისტორიულ მინიმუმზეა, როგორც DreamWorks-ის თანადამფუძნებელი ჯეფრი კაცენბერგი ამბობს, მანი აკეთებს ზუსტად იმას, რასაც შეგვიძლია „21-ე საუკუნის სტუდია“ ვუწოდოთ: „მან აიღო კლასიკური სტორითელინგი და ის სრულიად ახალი პლატფორმისა და ახალი აუდიტორიისთვის გადააწყო“.
დარ მანმა Samsung TV-ზე თავისი მუდმივმოქმედი არხი ჩაუშვა და Fox-თან პარტნიორობაც გააფორმა 18 თვეში 40 ვერტიკალური მიკროდრამის შექმნაზე. მანს სოციალურ ქსელებში 171 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და გასულ წელს $65 მილიონი გამოიმუშავა, რაც თითქმის 5-ჯერ ნაკლებია MrBeast-ის მიერ გამომუშავებულ $300 მილიონზე.
2026 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი კრეატორების ხუთეულშია პოდკასტ The Diary of a CEO-ს ავტორი სტივენ ბარტლეტი, რომელმაც სამზარეულოში დაწყებული შოუ $425-მილიონიან ჰოლდინგად აქცია. შედეგად კი მის პარტნიორებს შორის ისეთი მსხვილი პლატფორმებია, როგორებიცაა: Spotify, LinkedIn-ი და Adobe. ხუთეულს ასრულებენ ამერიკელი „იუტუბერი“ მარკ ედვარდ ფიშბახი (Markiplier-ი) და YouTube-შოუს, Good Mythical Morning-ის, კომედიური დუეტი Rhett & Link-ი. ისინი ყოველწლიურად თავიანთი YouTube-შოუს 240 ეპიზოდს იღებენ და 20-მილიონიანი მუდმივი აუდიტორია ჰყავთ.
მეთოდოლოგია: მსოფლიოს ტოპ-კრეატორების გამოსავლენად გამოცემა Forbes-მა მარკეტინგული ფირმა Influential-ის მონაცემები გამოიყენა. რეიტინგი კრეატორებს რამდენიმე კრიტერიუმზე დაყრდნობით აფასებს. ესენია: შემოსავლები, მიმდევართა რაოდენობა, ჩართულობის მაჩვენებელი და ანტრეპრენიორული საქმიანობა.
2026 წლის ტოპ-კრეატორები
#1. MrBeast
შემოსავალი: $300 მლნ | გამომწერი: 873 მლნ

#2. დარ მანი
შემოსავალი: $65 მლნ | გამომწერი: 171 მლნ

#3. სტივენ ბარტლეტი
შემოსავალი: $52 მლნ | გამომწერი: 38.7 მლნ

#4. Markiplier
შემოსავალი: $38 მლნ | გამომწერი: 76.8 მლნ

#5. Rhett & Link
შემოსავალი: $37 მლნ | გამომწერი: 45.6 მლნ

#6. ჩარლი დ’ამელიო
შემოსავალი: $18 მლნ | გამომწერი: 209.8 მლნ

#7. Druski
შემოსავალი: $20 მლნ | გამომწერი: 38.5 მლნ

#8. I Show Speed
შემოსავალი: $30 მლნ | გამომწერი: 184 მლნ

#9. მარკ რობერი
შემოსავალი: $30 მლნ | გამომწერი: 90.7 მლნ

#10. კოდი სანჩესი
შემოსავალი: $31 მლნ | გამომწერი: 10 მლნ

















