ფოტო: TIMOTHY A. CLARY/AFP via Getty Images
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, 2025 წლის ფინანსური დეკლარაციის თანახმად, გასულ წელს, მხოლოდ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული აქტივობებით, ტრამპმა $1 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა.
დეკლარაციის თანახმად, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული World Liberty Financial-ის ტოკენების გაყიდვებიდან დაახლოებით $515 მილიონი მიიღო. კრიპტოვალუტის კომპანია WLF, რომელიც დონალდ ტრამპმა თავის ვაჟებთან ერთად 2024 წელს დააარსა, ტრამპებთან ერთად უძრავი ქონების მილიარდერს, სტივ ვიტკოფს, ეკუთვნის.
2025 წლის ფინანსური დეკლარაციის თანახმად, კრიპტოვალუტიდან ტრამპის შემოსავლები მკვეთრადაა გაზრდილი. შედარებისთვის, 2024 წლის დეკლარაციაში World Liberty Financial-იდან მიღებულ შემოსავლად $57 მილიონი იყო მითითებული.
დამატებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დაახლოებით $636 მილიონი ჰოლდინგური კომპანია CIC Digital-ის საშუალებით გამოიმუშავა. ეს უკანასკნელი ტრამპის მემეკოინებსა და ციფრულ საკოლექციო ბარათებს (NFT) მართავს. აქვე საინტერესოა, რომ გასულ წელს Official Trump-ის ვებგვერდზე $TRUMP-ის კოლექტიური 80%-ის მფლობელთა შორის ორი სუბიექტი — CIC Digital LLC, Trump Organization-ის შვილობილი კომპანია, და ახლახან დაარსებული Fight Fight Fight LLC — იყო მითითებული.
2025 წლის ფინანსური დეკლარაციიდან ასევე ირკვევა, რომ ტრამპმა თითქმის $300 მილიონის შემოსავალი მიიღო მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებებიდან, მათ შორისაა: Mar-a-Lago, Trump National Doral-ი, Trump National Golf Club Bedminster-ი, Trump National Golf Club Jupiter-ი და Trump National Golf Club Washington, D.C.
ინვესტიციების ნაწილში კი ნახსენებია დაახლოებით $5 მილიონიდან $25 მილიონამდე მოცულობის ინვესტიციები Apple-ის, Microsoft-ისა და Nvidia-ს აქციებში, რაც გასულ წელს ტრამპის უმსხვილეს გარიგებებს შორის იყო. ამავდროულად, ტრამპმა სექტემბერში Amazon-ის აქციებიც შეიძინა, რომელთა კოლექტიური ღირებულება $500 000-დან $1 მილიონამდე იყო.
ცნობისთვის, ამერიკული Forbes-ი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ქონებას ამჟამად $6 მილიარდად აფასებს.












