ენერგოკრიზისთან გასამკლავებლად რუსეთიდან დიზელის ექსპორტი აიკრძალა

ენერგოკრიზისთან გასამკლავებლად რუსეთიდან დიზელის ექსპორტი აიკრძალა

ფოტო: AFP

 

უკრაინის მიერ რუსულ ენერგოინფრასტრუქტურაზე დრონებით განხორციელებული თავდასხმების გამო წარმოქნილ ადგილობრივ ენერგოკრიზისთან გასამკლავებლად, ქვეყნიდან დიზელის ექსპორტი აიკრძალა.

რუსულ ნავთოგადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმების გამო ქვეყანაში საწვავის მწვავე დეფიციტი შეიქმნა, ფასები კი გაიზარდა. რუსეთის მასშტაბით ბენზინგასამართ სადგურებზე მომხმარებლებს საწვავის მისაღებად რამდენიმეკილომეტრიან რიგში საათობით უწევთ ლოდინი, ხშირ შემთხვევაში საწვავი ხელმისაწვდომი რამდენიმე საათში აღარ არის. უკრაინა კი თავდასხმების შეჩერებას არ აპირებს.

რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ დიზელის ექსპორტის აკრძალვა ქვეყანას ადგილობრივ ბაზარზე მარაგების შევსებაში დაეხმარება. აღნიშნული აკრძალვა სულ მცირე 31 ივლისამდე შენარჩუნდება. თუმცა აკრძალვამდე არსებული სამთავრობო შეთანხმებები, მაგალითად მონღოლეთთან შეთანხმება, გამონაკლისის სახით დარჩება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთმა ინდოეთისგან საწვავის საზღვაო გზით იმპორტიც დაიწყო. საინტერესოა, რომ რუსეთიდან დიზელისა და ბენზინის ექსპორტი ივლისში გასულ თვესთან შედარებით ისედაც შემცირდა და კლებამ 39% შეადგინა. რუსული დიზელის მთავარი შემსყიდველები თურქეთი და ბრაზილია არიან, რომლებიც ხელმისაწვდომი ტვირთის ნახევრის იმპორტს ახორციელებენ. მათ გარდა რუსულ დიზელს მოიხმარენ მაროკო, ეგვიპტე და სენეგალიც.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, თავდასხმების მთავარი მიზანი რუსეთისთვის ომის წარმოების შესაძლებლობების შეზღუდვა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის იძულებაა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.